რეგულარული ფრენების აღდგენა

ავსტრია საქართველოს საზღვარს 30 სექტემბრამდე არ გაუხსნის

0 კომენტარი
ფოტო: ვიკიპედია

ჩეხეთის მსგავსად, პირველი ივლისიდან საქართველოს საზღვარს არც ავსტრია გაუხსნის. ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. 

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული გულისხმობს, რომ ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლა შესაძლებელია მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეთათვის, რომლებსაც აქვთ ავსტრიაში ბინადრობის ნებართვა. ამ შემთხვევაში, მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ კოვიდ-ტესტი (PCR Test), რომელიც გაცემული უნდა იყოს არაუგვიანეს 4 დღისა ან დაექვემდებარონ 14 დღიან თვითიზოლაციას.

ასევე, გამონაკლისის სახით დაიშვებიან ტრანზიტული მიზნით მომავალი მგზავრები, რომლებმაც თან უნდა იქონიონ დანიშნულების ქვეყანაში გასამგზავრებელი საჭირო დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრებს უწევთ ტრანზიტული ზონის დატოვება, მათ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარადგინონ კოვიდ ტესტი (PCR Test).

საელჩოს ინფორმაციით, ნებადართულია ბიზნესმენების, ხელოვანებისა და სპორტსმენების ვიზიტების განხორციელება დადასტურებულ პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, რაც ასევე დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით.

მათივე ცნობით, მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, აგრეთვე, შესაძლებელია ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტაციით.

30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა ის ქვეყნები, რომლებისთვისაც პირველი ივლისიდან საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს. უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს. ამ 15 ქვეყნიდან განსხვავებულია ჩინეთის შემთხვევა, რომელთანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება საზღვრები, თუკი პეკინიც ანალოგიურად მოიქცევა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ამ სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცა უკვე ჩეხეთი, რომელმაც 15 რეკომენდებული ქვეყნიდან თავის სიაში მხოლოდ 8 დატოვა. ამ სიაში საქართველო ვერ მოხვდა.

25 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

ამ დრომდე მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ ევროკავშირის მხრიდან ოფიციალურ დოკუმენტს ელოდებოდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 30 ივნისს თქვა, რომ საჰაერო ფრენებზე მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისი იქნებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ბაქრაძემ ხალხს მოუწოდა, თავი დანა-ჩანგლით დაეცვათ" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები