ოჯახზე და ქალზე ძალადობა

პროკურატურამ კაცს, რომელმაც ქალს ბენზინი გადაასხა და დაწვა სცადა, ბრალი წარუდგინა

www.gwf-online.org

პროკურატურამ კაცს, რომელმაც 23 წლის ქალს ბენზინი გადაასხა და მისი დაწვა სცადა, ბრალი წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე მიმართა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულ შ. გ.-ს ბრალი განზრახ მკლელობის მცდელობის ფაქტზე "სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა."

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შ.გ.-ს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით – ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს. შ. 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა ს. შ. გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ბენზინი მიასხა ს. შ.-ს და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს. შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანები დაეხმარნენ. ცეცხლის წაკიდების შედეგად, ს. შ.-მ მიიღო მრავლობითი დამწვრობები და ძლიერი შოკი". –წერია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები