აია-სოფია

აშშ თურქეთს მოუწოდებს, დატოვოს აია-სოფია მუზეუმად და ყველასთვის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს

აია-სოფიას ტაძარი
GETTY IMAGES

თურქეთის სახელმწიფო საბჭო დღეს, 2 ივნისს, განიხილავს, შესაძლებელია თუ არა, აია-სოფია მეჩეთად გადაკეთდეს. მეექვსე საუკუნეში აშენებული ბიზანტიური მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნეში მეჩეთად გადაკეთდა, 1935 წლიდან მუზეუმად იქცა. საკითხს გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. პირველ ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი აია-სოფიას, რომელიც სტამბოლის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია, როგორც მუზეუმს შესანიშნავად მართავდა თითქმის საუკუნის განმავლობაში.

"ჩვენ თურქეთის მთავრობას მოვუწოდებთ, დატოვოს აია-სოფია მუზეუმად, როგორც რწმენის ტრადიციების და მრავალფეროვანი ისტორიის პატივისცემის მაგალითი და უზრუნველყოს, რომ ის ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი". - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პომპეო აღნიშნავს, რომ მუზეუმის სტატუსი მთელი მსოფლიოდან ჩასულ ადამიანებს საშუალებას აძლევდა, მოენახულებინათ აია-სოფია, "რელიგიური გამოხატვის, ხელოვნების და ტექნოლოგიის გენიალურობის ნიმუში".

"აშშ აია-სოფიას სტატუსის შეცვლას აღიქვამს მისი ღირსშესანიშნავი არქიტექტურის და შეუდარებელი შესაძლებლობის - რაც ასე იშვიათია თანამედროვე სამყაროში - იყოს კაცობრიობისათვის აუცილებელი ხიდი ორ სხვადასხვა სარწმუნოებრივ ტრადიციას და კულტურას შორის - დაკნინებად. ჩვენ გვსურს, თურქეთის მთავრობასთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ სხვადასხვა საერთო ინტერესის საკითხზე, მათ შორის რელიგიური და კულტურული ძეგლების დაცვაზე". - ვკითხულობთ განცხადებაში.

აია-სოფიაში კვლავ მეჩეთის ამოქმედება პრეზიდენტმა ერდოღანმა გასული წლის არჩევნებამდეც მოითხოვა. მან აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთებას, რაც თურქეთის პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე მოხდა, "დიდი შეცდომა" უწოდა. იუნესკოში განაცხადეს, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შესაცვლელად საჭიროა არა მხოლოდ ქვეყნის მთავრობის ან სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ იუნესკოს სამთავრობათაშორისო კომიტეტის თანხმობაც. მათ თურქეთს ამის თაობაზე მისწრეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

გასულ თვეს სტამბოლის აღების იუბილეზე აია-სოფიაში ყურანის ერთი თავი წაიკითხეს, რაც საბერძნეთმა გააპროტესტა და განაცხადა, რომ ეს იუნესკოს კონვენციას არღვევს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი თქვა, რომ ეს ოფიციალური ათენის საქმე არ არის. "რას გავაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში ჩვენი საქმეა". - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება ერთ-ერთმა ადგილობრივმა რელიგიურმა ჯგუფმა სასამართლოშიც მოითხოვა, თუმცა 2018 წლის სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები