რუსეთი

რუსეთში რეფერენდუმის ხმების 98% დათვალეს, 78% საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს

EPA

რუსეთში საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგების 98% დათვალეს. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა 78%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პუტინს საპრეზიდენტო ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს, კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე.

ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ შედეგებს "დიდი ტყუილი" უწოდა და თქვა, რომ ის არ ასახავს მოსახლეობის შეხედულებებს.

რუსეთის ცესკოს ცნობით რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 64%-ზე მეტმა. მათ პირველ ივლისს კანონის დარღვევით წინასწარი შედეგები უბნების დახურვამდე გამოაცხადეს.

რეფერენდუმი გასულ კვირას დაიწყო და გუშინ დასრულდა. მასში მონაწილეობის მიღების წასახალისებლად კრემლმა პირველი ივლისი დასვენების დღედ გამოაცხადა და ამომრჩევლებისთვის პრიზები დააწესა, მათ შორის გათამაშდა მანქანები და ბინები.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დარღვევები არ ყოფილა, თუმცა მონიტორინგის დამოუკიდებელმა ჯგუფმა Golos-მა განაცხადა, რომ 2 100-ზე მეტი საჩივარი მიუვიდათ დარღვევების თაობაზე, მათ შორის დამსაქმებლის მხრიდან ზეწოლისა და ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ხმის ერთზე მეტჯერ მიცემის ფაქტებზე.

რეფორმის ოპონენტების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით ცვლილებებს მოსკოვში ამომრჩეველთა 51% უჭერს მხარს, სანქტ-პეტერბურგში კი - 44%.

შეგახსენებთ, რომ პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, მაგრამ ეს ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი ან ორი ვადით იყაროს კენჭი და კიდევ 6 ან 12 წლით მართოს ქვეყანა.

კომენტარები