რეკლამა

® საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით კომპანია "ყვარლის სარდაფმა" ინვესტიცია ჩადო კახეთში ვენახის გაშენებისა და ახალი ტექნიკის შესაძენად.

საწარმო ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის ტერიტორიაზე, სოფელ ჭიკაანის მიმდებარედ, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობს. კომპანია მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტების შესაბამის ღვინოს აწარმოებს. კომპანია "ყვარლის სარდაფმა" 2007 წლიდან დღემდე შეძლო, მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებულიყო, როგორც ხარისხზე ორიენტირებული, სტაბილური ღვინის მწარმოებელი კომპანია. კომპანიის წარმოებული ღვინოები იყიდება ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალ ქვეყანაში, მაგრამ ორგანიზაციის სტრატეგიული ამოცანაა გაყიდვების დივერსიფიკაცია. კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს დამატებით სხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაში, ღვინოების რეალიზაციასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციამ 2007 წლიდან დღემდე განვითარების გრძელი და რთული გზა გაიარა. ღვინის მაღალი ხარისხის, სტაბილურობისა და სანდო პარტნიორული ურთიერთობების გამო ორგანიზაციამ დიდი ნდობა მოიპოვა მომხმარებლებს შორის, გაიზარდა გაყიდვების რაოდენობა, ღვინოს დაემატა კონიაკისა და არყის წარმოება და 100 000 ბოთლის ნაცვლად დღეს უკვე გაყიდვებმა 4-დან 5-მილიონ ბოთლამდე შეადგინა.

პროექტი ითვალისწინებს იტალიური ნერგების ჩამოტანას და მათ გაშენებას 20 ჰექტარზე, დამატებით მზადდება ჭაბურღილი იტალიური წვეთოვანი სისტემის მოსაწყობად და გვალვისგან დასაცავად. პროექტის ფარგლებში ასევე ხორციელდება ტექნიკის შესყიდვა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 500 000 ლარია. ვენახის გაშენების პროცესში და შემდგომ აგროტექნიკურ მოვლით სამუშაოებში სხვადასხვა ეტაპზე ჯამში 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. კომპანია გეგმავს მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას და ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში პოპულარიზაციას.

"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი დარგია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ სექტორს და წავახალისოთ ის. ამ კონკრეტულ პროექტში ბანკის მხრიდან გაცემული დაფინანსება მოხმარდა ვენახის ავტომატიზებულ, თანამედროვე სისტემებით აღჭურვას. ვფიქრობთ, საქართველოს ბანკისა და „ყვარლის სარდაფის“ პარტნიორობის შედეგად განხორციელებული ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის სამომავლო განვითარებას, უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნასა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ბრუნვის ზრდას". – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ ქოქოსაძემ.

კომენტარები