Wizz Air

თურნავა: სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა Wizz Air პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი გახადა

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ავიაკომპანია Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტაზე ილაპარაკა.

ნათია თურნავას თქმით, "არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, [Wizz Air-ს] ხომალდი პარკინგზე სად ეყოლება".

როგორც მინისტრი ამბობს, "ტექნიკური საკითხია", ავიაკომპანიას ქუთაისში ორი ხომალდი ეყოლება თუ ქუთაისში ბაზირებულ თვითმფრინავებს ბუდაპეშტში გადაიყვანს.

ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizz Air "არსად მიდის, რჩება საქართველოში" და მომხმარებლებს კვლავ დაბალ ფასად მოემსახურება.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ ავიაკომპანიის საკითხი "პოლიტიკურად სენსიტიური სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გახადეს".

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის ბაზას დროებით ხურავს. ქუთაისში ბაზირებული ორი ავიახომალდი საქართველოდან უკვე გასულია და ბაზის მუშაობის განახლებამდე არ დაბრუნდება.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, კომპანია არ გაათავისუფლებს ქუთაისის ბაზაზე დასაქმებულ თანამშრომლებს და მათ თავისი ქსელის სხვა ადგილებზე გადაანაწილებს.

30 ივნისის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Wizz Air-ი ქუთაისში ბაზას დროებით აუქმებს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა. ის მასალაში გამოცემა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ეყრდნობოდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ არ იციან, ვინ მიაწოდა მედიას ეს ინფორმაცია და ამას გაარკვევენ.

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის თანახმად, ბაზის გაუქმება ავიაკომპანიის გასვლას არ ნიშნავს, თუმცა ამ გადაწყვეტილებით 150 ადამიანი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩება.

30 ივნისს ავიაკომპანია ვიზეარმა რეისების უმეტესობა 2021 წლის მაისამდე გააუქმა – 2020 წლის აგვისტოდან მხოლოდ რვა რეისზე იძებნება ბილეთები: ვარშავის, დორტმუნდის, რიგის, ვილნიუსის, ათენის, ბუდაპეშტის, ვენის და ლარნაკის მიმართულებით.

კომენტარები