8 მარტის შეთანხმება

ზალკალიანი თვლის, რომ საელჩოების "შეთანხმების სრულად შესრულების" მოწოდება კოდექსს ეხება

საქართველოს მთავრობა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფიქრობს, რომ 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი საელჩოების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ გაკეთებული განცხადება, სადაც ისინი მხარეებს "შეთანხმების სრულად შესრულებისკენ" მოუწოდებენ, საარჩევნო კოდექსის დახვეწას ეხება. 

ტაბულამ დავით ზალკალიანს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარისა და კონგრესმენების განცხადების საფუძველზე ჰკითხა, როდის შეასრულებს ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას სრულად. პასუხად ზალკალიანმა ფასილიტატორების განცხადება გაიხსენა

საარჩევნო სისტემის ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების შემდეგ ფასილიტატორებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერენ: 

"8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში". 

ტაბულამ მინისტრს განცხადების ეს ნაწილი შეახსენა, რაზეც მინისტრმა გვიპასუხა, რომ "ჯერ დასრულებული არ არის, ამ წუთებშიც მიდის მეორე მოსმენა, მესამე მოსმენით". ტაბულას კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე, მისი აზრით, საელჩოები განცხადების ამ ნაწილში საარჩევნო კოდექსს გულისხმობდნენ, თუ რამე სხვას, საგარეო საქმეთა მინისტრი გვპასუხობს:

"დიახ, რა თქმა უნდა, კოდექსი იმიტომ, რომ ეს არის მთლიანი პაკეტი". 

რაც შეეხება სასამართლოს ნაწილს, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ "სასამართლო პროცესი არის ხანგრძლივი პროცესი" და "მგონი, გერმანიის ელჩმა ძალიან მკაფიოდ" გაგვცა პასუხი. 

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საელჩოების მონაწილეობით, შეთანხმება შედგა. შეთანხმება ორნაწილიანი იყო და ის, ერთი მხრივ, საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხებოდა, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

კომენტარები