მარკუეინ მალინის წერილი

თურნავა: კონგრესმენ მალინის განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის წერილს და მას "კონტექსტიდან ამოვარდნილი" უწოდა.

კონგრესმენი წერილში წერს, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკულ კომპანიებს ავიწროებს და, შესაძლოა, საჭირო გახდეს სანქციების დაწესება, როგორც მთავრობისთვის, ისევე ბიძინა ივანიშვილისთვის .

მარკუეინ მალინის განცხადებებზე ნათია თურნავა ამბობს, რომ "ის ალბათ არის გარკვეული პოლიტიკური თუ ბიზნესსიმპათიებითა და ინტერესებით ნაკარნახევი".

"როდესაც სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა გვილოცავს ჩვენ, ჩვენს გუნდს კონსტიტუციურ ცვლილებებს, 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებას და იმ დემოკრატიულ რეფორმას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, კონგრესმენის ეს კონკრეტული განცხადება არის კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი და დისონანსში ზემოთ ნახსენებ შეფასებებთან". - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ნათქვამი ეწინააღმდეგება აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის კვლავ ელის რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრმა კონგრესმენ მალინის წერილში ნახსენებ დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა კომპანია ფრონტერას და თქვა, რომ დარწმუნებულია, დიალოგით შესაძლებელია ყველა პრობლემა გადაწყდეს.

 

კომენტარები