კრიმინალი

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის ერთი პირი, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ლ დააკავეს. გარდა ამისა, 1990 წელს დაბადებული ა.შ. - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აიყვანეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ლ. მიმდინარე წლის 25 ივნისს, ფონიჭალაში მდებარე საქართველოს ბანკის სერვისცენტრს ყაჩაღურად დაესხა თავს და იარაღის მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი თანხა - 18 168 ლარის ოდენობით.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 2300 ლარი,. ა. შ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას - ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი ნივთი, რომელიც მოწმის - ნ. ა.-ს ჩვენებით, მ.ლ.-მ ყაჩაღობის შემდგომ გადასცა ა.შ.-ს.

პოლიციამ მოწმე ნ.ა.-ს ბინის ჩხრეკისას ამოიღო დიდი რაოდენობით მედიკამენტები . მისი განმარტებით, მედიკამენტები მ.ლ.-მ მიმდინარე წლის 20 ივნისს, ერთ-ერთ აფთიაქზე ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცა და შესანახად გადასცა მას," - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

კომენტარები