რუსეთი

პუტინი ნდობისა და მხარდაჭერისთვის რუსების მადლიერია

ვლადიმირ პუტინი
POLITICO

საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვით მოსახლეობას "ნდობისა და მხარდაჭერისთვის" დიდი მადლობა გადაუხადა

ხმების 100% უკვე დათვლილია – ამომრჩეველთა 77.92%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პუტინს საპრეზიდენტო ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს, კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. რუსეთის ცესკოს ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 67.97%-მა. მათ პირველ ივლისს კანონის დარღვევით წინასწარი შედეგები უბნების დახურვამდე გამოაცხადეს.

პუტინი ირწმუნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საჭირო იყო "პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებისა და სოციალური გარანტიების გაძლიერებისთვის".

სიტყვით გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტს არ უხსენებია ის ფაქტი, რომ ცვლილების შედეგად მას კიდევ ორი ვადით შეუძლია იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე.

"ძალიან ცოტა დრო გავიდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჩვენ მრავალმხრივ ისევ ძალიან მოწყვლადები ვართ," – თქვა მან.

პუტინის თქმით, მას ესმის იმ ადამიანებისა, ვინც კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა – "ბევრი პრობლემა გადაჭრილი არ არის".

"ჩვენ გვჭირდება შიდა სტაბილურობა და დრო, რომ ქვეყანა და მისი ინსტიტუტები გავაძლიეროთ," – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამავდროულად პუტინი იმასაც ამბობს, რომ შედეგები "აჩვენებს, რუსეთის მოქალაქეების დიდ უმრავლესობას სჯერა, ჩვენ უკეთესად მუშაობა შეგვიძლია და მთვარობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ ნდობის გასამართლებლად".

"ნამდვილად ტრიუმფად მივიჩნევთ," – ასე აფასებს ვლადიმირ პუტინის სპიკერი, დმიტრი პესკოვი, რეფერენდუმის შედეგებს, რომლითაც პუტინს საპრეზიდენტო ვადა გაუხანგრძლივდა.

"ძალიან რთული იყო პროგნოზირება უაღრესად მაღალი აქტივობის და ძალიან დიდი მხარდაჭერისა," – დასძინა პუტინის სპიკერმა.

ოპოზიციის ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ შედეგებს "დიდი ტყუილი" უწოდა და თქვა, რომ ის არ ასახავს მოსახლეობის შეხედულებებს.

რეფერენდუმი გასულ კვირას დაიწყო და გუშინ დასრულდა. მასში მონაწილეობის მიღების წასახალისებლად კრემლმა პირველი ივლისი დასვენების დღედ გამოაცხადა და ამომრჩევლებისთვის პრიზები დააწესა, მათ შორის გათამაშდა მანქანები და ბინები.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დარღვევები არ ყოფილა, თუმცა მონიტორინგის დამოუკიდებელმა ჯგუფმა Golos-მა განაცხადა, რომ 2 100-ზე მეტი საჩივარი მიუვიდათ დარღვევების თაობაზე, მათ შორის დამსაქმებლის მხრიდან ზეწოლისა და ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ხმის ერთზე მეტჯერ მიცემის ფაქტებზე.

რეფორმის ოპონენტების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით ცვლილებებს მოსკოვში ამომრჩეველთა 51% უჭერს მხარს, სანქტ-პეტერბურგში კი - 44%.

შეგახსენებთ, რომ პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, მაგრამ ეს ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი ან ორი ვადით იყაროს კენჭი და კიდევ 6 ან 12 წლით მართოს ქვეყანა.

კომენტარები