ევროპული საქართველო

კანდელაკი სამინისტროს: აუკრძალეთ პროპუტინურ დაჯგუფებას ილიას მუზეუმში ღონისძიება გამართვა

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ Giorgi Kandelaki

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი პარტიის სახელით მოუწოდებს განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, არ დაუთმონ ნეოფაშისტურ, პროპუტინურ დაჯგუფება ქართულ მარშს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორია. 

გიორგი კანდელაკის შეფასებით, ეს ფაქტი თავისთავად შეურაცხმყოფელია ამ ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქისთვის. 

"ირონიულიცაა, რადგან, რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძე იყო ამ ქვეყნის ისტორიაში მთავარი ლიბერალი და მედასავლეთე, ვინც დაუსახა საქართველოს გზა დასავლეთისკენ და დასავლურ ოჯახში დაბრუნებისკენ.

დღეს ევროპული საქართველოს სახელით მე მინდა მივმართო განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომ არ მოხდეს ამ ნებართვის გაცემა და არ მიეცეს უფლება ამ ძალადობრივ და ექსტრემისტულ, ანტიდასავლურ და, მაშასადამე, ანტიქართულ დაჯგუფებას, რომ გამართოს ეს სამარცხვინო ღონისძიება ილია ჭავჭავაძის მუზეუმში. 

ცხადია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით ყველას აქვს გამოხატვის უფლება, მათ შორის ამ ჯგუფსაც, მაგრამ გადასახადების გადამხდელთა და საზოგადოების უმრავლესობის უფლებაა, რომ მოითხოვოს, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ადგილი, ესოდენ მნიშვნელოვანი სიმბოლო, მითუმეტეს გადასახადის გადამხდელთა დაფინანსებული მუზეუმი არ დაეთმოს იმ დაჯგუფებას, რომელიც გამოდის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ". – ამბობს გიორგი კანდელაკი. 

როგორც ტაბულა ცოტა ხნით ადრე წერდა, 2 ივლისს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ნეოფაშისტური და პროპუტინური დაჯგუფება ქართული მარში დამფუძნებელთა ყრილობას გამართავს. 

ტაბულასთან საუბარში სახლ-მუზეუმის ადმინისტრაცია ამბობს, რომ მუზეუმის ტერიტორია კომერციული ფართია და მისი ქირაობა ნებისმიერი დანიშნულებით შეიძლება.

"მუზეუმის ტერიტორია სხვადასხვა მიზნობრიობით ქირავდება, ჩვენ ვაქირავებთ ტერიტორიას სხვადასხვა სახის შეკრებებისთვის. სრულიად აპოლიტიკურები გახლავართ და ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს". – თქვა სახლ-მუზეუმის თანამშრომელმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები