ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ქარტია: დაუშვებელია, რომ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები ერეოდნენ მედიის საქმიანობაში

მთავარი არხი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დაუშვებელია, საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები ერეოდნენ მედიის საქმიანობაში და აფასებდნენ მომზადებული მასალის შინაარსს.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავარი არხისგან 20 და 25 ივნისს გასული სიუჟეტებს დაუმონტაჟებელ მასალას ითხოვს, საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიების საქმის ფარგლებში.

ქარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით მედიის მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსზე მსჯელობა არის თვითრეგულირების მექანიზმის პრეროგატივა და დაუშვებელია, რომ ეს ფუნქცია შეასრულოს ხელისუფლების რომელიმე შტომ.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტზე, რომელსაც სუს-ი საკუთარ განცხადებაში დეზინფორმაციულს უწოდებს. გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი თავისი განჩინებით ტელეკომპანიისგან გამოითხოვა როგორც ეთერში გასული სიუჟეტები, ასევე სრული და დაუმონტაჟებელი მასალა. ყველა ეს ქმედება არის მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის სახიფათო პრეცედენტი". – წერია ქარტიის განცხადებაში. 

მათივე თქმით, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება და საქალაქო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი კონკრეტული მედიასაშუალების, ასევე მთლიანად მედიაგარემოს გაკონტროლების მცდელობას, რაც სახიფათო და დამაზიანებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.  

მთავარი არხის 25 ივნისს გაკეთებული განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5-საათიანი გამოკითხვის დროს, 20 ივნისს მთავარ არხზე გასული სიუჟეტის რესპონდენტები ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დააშინა.

კომენტარი გააკეთა მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ სუს-ის დაწყებული გამოძიება მოსახლეობის დაშინებასა და მთავრი არხის დისკრედიტაციას ემსახურება.

ამავე საქმეზე, გარდა მთავარი არხისა, სიუჟეტის და საბოტჟის საქმეზე გამოკითხეს რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე და ჟურნალისტი ნინო ჭელიძე.

კომენტარები