8 მარტის შეთანხმება

კობახიძე მალინზე: ფრონტერას ურჩევნია, ლობისტების ნაცვლად, ფული ინვესტიციებზე დახარჯოს

0 კომენტარი
ფოტო: ფორმულა

"ფრონტერას ურჩევნია, ლობისტზე ფულის ხარჯვას, ფული გახარჯოს ინვესტიციებზე" - ასე აფასებს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის წერილს. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრი მიიჩნევს, რომ საქართველოს "რუსული სკოლის ოლიგარქი" ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, რომელმაც ფული 90-იანი წლების რუსეთში იშოვა. კონგრესმენი ეხება რვა მარტის შეთანხმებასაც და ამბობს, რომ შეთანხმება "კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგანაც კიდევ მეტია გასაკეთებელი".

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე კი, მარკუეინ მალინს ფრონტერას ლობისტს უწოდებს და ამბობს, რომ ამას კომენტარი არ სჭირდება.

"იცით ჩვენი პოზიცია, ამაზე ღრმად ჩვენ არ შევალთ. ბუნებრივია, ჩვენთვის ცნობილია, თუ რა პროცესები უდევს საფუძვლად ასეთ განცხადებებს. ფრონტერას ურჩევნია, ლობისტზე ფულის ხარჯვას, ფული გახარჯოს ინვესტიციებზე. ეს რომ გაეკეთებინა, ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა და ამდენი ფულის ხარჯვა ლობისტებში აღარ დასჭირდებოდა. შესაბამისად, ყველამ ვიცით, რა და როგორ არის და, შესაბამისად, ასეთ განცხადებებს, მეტი კომენტარი აღარ სჭირდება" - ამბობს კობახიძე.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საელჩოების მონაწილეობით, შედგა ორნაწილიანი შეთანხმება. ის, ერთი მხრივ, საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხებოდა,  მეორე მხრივ კი, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

29 ივნისს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, თუმცა, ქართულ ოცნებას აქამდე არ გაუთავისუფლებია გიორგი რურუა.

საარჩევნო სისტემის შესახებ ცვლილებების მიღების შემდეგ ფასილიტატორმა ელჩებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება კვლავ გადამწყვეტია.

პირველ ივლისს, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა და დაწერა, რომ შეთანხმების სრულად შეთანხმებას ელის.

იმავე დღეს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმა, თუმცა პარლამენტს მოუწოდა, შეასრულოს ეუთოსა და ODIHR-ის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები