კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 4 ახალი შემთხვევიდან, 2 - სატვირთოს მძღოლია, 2 - სხვა ქვეყნიდან შემოსული მოქალაქე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა შემოტანილია. მისი თქმით, ორი - სატვირთოს მძღოლია, ორი კი - სხვა ქვეყნიდან შემოსული მოქალაქე. 

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 23 ინფიცირებული მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. 

"ჩვენს ცენტრში კვლავ 23 დადასტურებული შემთხვევაა, დაგვემატა ერთი ახალი დადასტურებული და ერთი გამოჯანმრთელდა. ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც საზღვარი აზერბაიჯანიდან გადმოკვეთა და ვირუსი დაუდასტურდა საკარანტინე სივრცეში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა", - ამბობს ეზუგბაია. 

დღეს, 3 ივლისს, საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ ოთხ ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი. 

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 943 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 821 ადამიანი, გარდაიცვალა – 15.

ქვეყანაში კორონავირუსის 107 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები