გამოძიება საბოტაჟის საქმეზე

ომბუდსმენი: სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის, მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს

სახალხო დამცველის აპარატი

"სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის, მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს", - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტელეკომპანია მთავარის სიუჟეტზე საბოტაჟის საფუძვლით მიმდინარე გამოძიებას. 

ომბუდსმენის შეფასებით, გამოძიება ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორციელების მოტივაციას უფრო ჰგავს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავარი არხისგან 20 და 25 ივნისს გასული სიუჟეტებს დაუმონტაჟებელ მასალას ითხოვს, საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიების საქმის ფარგლებში.

უწყება მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტების მიზანიც მოქალაქეებზე ნეგატიური ზემოქმედების მოხდენის, პანიკისა და ქაოსის გამოწვევის მცდელობასა და სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირების ხელის შეშლა იყო - სუს-ი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანულენოვანი რესპონდენტების კომენტარები არასწორად იყო თარგმნილი და მთავარმა არხმა ეთერში გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტები გაუშვა, რომლებიც "მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხებს, 3000-დან 10000 ლარამდე ოდენობით".

სწორედ ამ მიზეზით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სიუჟეტების რესპონდენტები გამოიკითხნენ, სიუჟეტების შინაარსის შესახებ ფეისბუქზე გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ კი უწყებამ რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე და ჟურნალისტი ნინო ჭელიძეც დაიბარა.

მთავარმა არხმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვისას მათი რესპონდენტები დააშინეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კი განაცხადა, რომ დაუშვებელია,საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები ერეოდნენ მედიის საქმიანობაში. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობით, მედიის მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსზე მსჯელობა არის თვითრეგულირების მექანიზმის პრეროგატივა და დაუშვებელია, ეს ფუნქცია ხელისუფლების რომელიმე შტომ შეასრულოს.

კომენტარები