სახმელეთო საზღვრები

გახარია: სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ

0 კომენტარი
გიორგი გახარია ფოტო: საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ჯერჯერობით სახმელეთო საზღვრების გახსნა არ იგეგმება და ამ საკითხთან დაკავშირებით ნაჩქარევ ნაბიჯები ვერ და არ გადაიდგმება.

"სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ყველაფერი დაკავშირებული ტვირთების გადაზიდვასთან, არის აბსოლუტურად ყველანაირი შეფერხების გარეშე. უაღრესად დიდ კომფორტს ვუქმნით საერთაშორისო კომპანიებს, გადამზიდავ კომპანიებს. ვაკონტროლებთ თითოეული სატვირთოს მძღოლის ჯანმრთელობას". – განმარტავს გახარია ჟურნალისტებთან საუბარში.

რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, პრემიერმინისტრის თქმით, ფრენების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, გონივრულად და ნაბიჯ-ნაბიჯ. გახარიას განმარტებით, მთავრობის მოვალეობაა, შეინარჩუნოს ის მიღწევები, რაც ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში აქვს და თავიდან აიცილოს ვირუსის გავრცელების მინიმალური რისკიც კი.

30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა ის ქვეყნები, რომლებისთვისაც პირველი ივლისიდან საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს. უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ამ სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცა უკვე ჩეხეთი, რომელმაც 15 რეკომენდებული ქვეყნიდან თავის სიაში მხოლოდ 8 დატოვა. ამ სიაში საქართველო ვერ მოხვდა.

25 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა პირველ აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები