გამოძიება საბოტაჟის საქმეზე

NGO-ები: საბოტაჟის საქმის გამოძიება კრიტიკული მედიის შინაარსის კონტროლის ნიშნებს შეიცავს

მთავარი არხი

3 არასამთავრობო ორგანიზაცია: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) შეშფოთებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიებით.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს კრიტიკული მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევისა და აზრის შინაარსის კონტროლის ნიშნებს შეიცავს.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ:

"გამოძიების ფარგლებში მთავარი არხის სიუჟეტზე აქცენტირება შემაშფოთებელია და აჩენს განცდას, რომ ხელისუფლება ერთი მხრივ, მიზნად ისახავს კონკრეტული მედიის დემონიზებაას, მეორე მხრივ კი ცდილობს ქვეყანაში აზრის გამოხატვის კონტროლსა და მასზე გამყინავი ეფექტის მოხდენას. გამოძიება შეიცავს კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობაში აშკარა და უხეში ჩარევის ნიშნებს, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების არსებობას.

გვსურს შევახსენოთ სახელმწიფოს უწყების წარმომადგენლებს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველი, ისე მიზანია. ეს ის ფუნდამენტური ფუნქციური ელემენტია, რომელიც საზოგადოების განვითარებას, ხელისუფლების თვითნებობის შეზღუდვას და ადამიანის პიროვნულ განვითარებას განაპირობებს. ამ უფლების სათანადო უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა უფლებების სრულყოფილი რეალიზაცია. იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი, გულისხმობს პირთა გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას. დემოკრატიული სახელმწიფო უდავოდ გულისხმობს თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეს, გარემოს, სადაც ყველასთვის უზრუნველყოფილია აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა, თავისუფალი პაექრობა.

დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სარედაქციო პოლიტიკის თავისუფლებისა და სამართლებრივი დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფის გარეშე. პრესის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ინფორმაციის გავრცელების უფლებას, არამედ საზოგადოების უფლებას, მიიღოს, გაიზიაროს ან უგულებელყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია.

საბოტაჟი არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც აქტუალური ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზეა სახელმწიფოსთვის ან საზოგადოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დაწესებულებისთვის მიყენებული ხელშესახები ზიანი - მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცალსახად დადგინდება, რომ მთავარი არხის ეთერში გასული სიუჟეტი შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს, მასზე რეაგირება არა სისხლისსამართლებრივი რეპრესიული მანქანის, არამედ, მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ამოქმედებაა ან/და კონკრეტული ადრესატის შემთხვევაში უფლების სამოქალაქო წარმოებით სასამართლოს გზით დაცვაა, რაც ჩვენი საზოგადოების მონაპოვარსა და ქვეყანაში სახელმწიფოს ჩარევებისგან თავისუფალი მედიის არსებობის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შინაარსს განსაკუთრებულ პრობლემურობას საარჩევნო წელი და 2020 წლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ანიჭებს, რა დროსაც კრიტიკული მედიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას სასიცოცხლო როლი ენიჭება არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად შეფასებისთვის.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობაში ნებისმიერი სახის ჩარევისგან და უარი თქვას მედიისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი რეპრესიის გამოყენებაზე".

ე.წ საბოტაჟის საქმე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ საბოტაჟის მუხლით გამოძიებას 2020 წლის მარტიდან აწარმოებს.

უწყება აცხადებს, რომ გამოძიება ახალი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმციული მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტზე დაიწყო - უწყების ცნობით, 16 მარტს მოქალაქეებმა მიიღეს SMS-ები, რომელიც მიზნად ისახავდა მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ნეგატიური ზემოქმედებს მოხდენას, მათში უნდობლობის, პანიკის და ქაოსის გამოწვევას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას და პანდემიასთან ეფექტურ ბრძოლას.

მოგვიანებით კი საქმეს მთავარი არხის სიუჟეტები დაემატა. უწყება მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტების მიზანიც მოქალაქეებზე ნეგატიური ზემოქმედების მოხდენის, პანიკისა და ქაოსის გამოწვევის მცდელობასა და სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირების ხელის შეშლა იყო - სუს-ი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანულენოვანი რესპონდენტების კომენტარები არასწორად იყო თარგმნილი და მთავარმა არხმა ეთერში გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტები გაუშვა, რომლებიც "მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხებს, 3000-დან 10000 ლარამდე ოდენობით".

სწორედ ამ მიზეზით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხნენ სიუჟეტების რესპონდენტები, სიუჟეტების შინაარსის შესახებ ფეისბუქზე გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ კი უწყებამ რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე და ჟურნალისტი ნინო ჭელიძეც დაიბარა.

მთავარმა არხმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვისას მათი რესპონდენტები დააშინეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კი განაცხადა, რომ დაუშვებელია,საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები ერეოდნენ მედიის საქმიანობაში. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობით, მედიის მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსზე მსჯელობა არის თვითრეგულირების მექანიზმის პრეროგატივა და დაუშვებელია, ეს ფუნქცია ხელისუფლების რომელიმე შტომ შეასრულოს.

კომენტარები