დავით ჭაკუას საქმე

პროკურატურა: გერმანიიდან საქართველოში დავით ჭაკუას ექსტრადირება მოხდება

გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირება მოხდება. ინფორმაცია ტაბულას გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

უწყებაში ასევე თქვეს, რომ დეტალების შესახებ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

პროკურატურა ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა, რომ ჭაკუას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტებს ამზადებდა. მაშინ ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანი ავსტრიაში დააკავეს, თუმცა მალევე 5000-ევროიანი გირაო შეუფარდეს და გაათავისუფლეს, მაგრამ აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს საქართველოს გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელ უფროს ბაჩო ახალაიას, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად 2006 წლის 27 მარტს ციხის ბუნტის პროვოცირებას ედავება, რასაც 7 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.

ასევე, ჭაკუას, ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ბრალად ედება პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და მოწმეზე ძალადობა.

კომენტარები