ჯამალ ხაშოგის მკვლელობა

თურქეთში ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო

Reuters

თურქეთის სასამართლოში საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე პროცესი დაიწყო, რომელსაც ბრალდებულები არ ესწრებიან. ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2018 წლის ოქტომბერში მისვლის შემდეგ გაუჩინარდა. მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს შორის არიან საუდის არაბეთის დაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე აჰმედ ალ-ასირი და სამეფო საბჭოს ყოფილი მრჩეველი საუდ ალ-კაჰტანი. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. სულ ბრალდებულია 20 პირი.

ხაშოგის საცოლემ იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო ნათელს მოჰფენს ხაშოგის მკვლელობის საქმეს და იმას, თუ სად დამალეს მისი გვამი.

საუდის არაბეთში არ ამბობენ, ითანამშრომლებენ თუ არა თურქეთთან ამ საქმეზე. თურქეთმა საუდის არაბეთის მთავრობის წარმომადგენლები გამოძიებისათვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა. გასული წლის დეკემბერში ხაშოგის მკვლელობის გამო სამეფოში 5 ადამიანს სიკვდილით დასჯა, სამს კი პატიმრობა მიუსაჯეს.

ხაშოგი ხშირად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, განსაკუთრებით, საუდის არაბეთის სამხედრო ინტერვენციას იემენში და სამეფოს ტახტის ახალ მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.

ხაშოგის მკვლელობას დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. დანიამ საუდის არაბეთს იარაღის მიყიდვა შეუჩერა, ხოლო გერმანიამ იარაღის გაყიდვის სამომავლო კონტრაქტები გაწყვიტა.

ამერიკული მედია კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ანგარიშში არის სამხილები, რომლითაც დასტურდება, რომ მკვლელობის განსახორციელებლად მისი თანხმობა აუცილებელი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ტრამპის თქმით, ეს კავშირი არ დასტურდება და ის შეინარჩუნებს კარგ ურთიერთობას საუდის არაბეთთან.

ხაშოგის საქმეზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია ტაბულას აქრივიდან.

კომენტარები