ვენესუელა

ვენესუელამ ევროკავშირის ელჩის გაძევების გადაწყვეტილება შეცვალა

ნოკოლას მადურო
Reuters

ვენესუელამ ქვეყნიდან ევროკავშირის ელჩის გაძევების გადაწყვეტილება შეცვალა.

"ვენესუელის მთავრობის გადაწყვეტილებით ბრძანება ანულირებულია". - ნათქვამია ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხორხე არეაზას და ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.

30 ივნისს ნიკოლას მადურომ ვენესუელაში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს, იზაბელ პედროსას ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა. მიზეზი ევროკავშირის მიერ მადუროს რეჟიმის 11 წარმომადგენლისათვის სანქციების დაწესება იყო. სანქციების სიაში მოხვდა ოპოზიციონერი ლუის პარა, რომელსაც მადურო მხარს უჭერს ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე. ეს პოსტი ამჟამად ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს უკავია, რომელიც აშშ-მ და კიდევ 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, ევროკავშირის წევრებმა, ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარეს.

"ვინ არიან ისინი, რომ გვემუქრებიან? ჩვენ ამას 72 საათში გავარკვევთ. [იზაბელ პედროსას] თვითმფრინავს გამოვუყოფთ ქვეყნის დასატოვებლად". - თქვა მადურომ.

ევროკავშირსა და ვენესუელას შორის ურთიერთობა 2017 წლიდან დაიძაბა, როდესაც ის პირველი ლათინოამერიკული ქვეყანა გახდა, რომელსაც ევროკავშირმა სანქციები და იარაღზე ემბარგო დაუწესა.

კომენტარები