ქართული მარშის ყრილობა

ზედანია: მიუღებელია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის პროფაშისტური ჯგუფისთვის დათმობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია, ნეოფაშისტური და პროპუტინური ქართული მარშის ყრილობისთვის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიის დათმობას გამოეხმაურა.

ზედანია Facebook გვერდზე წერს, რომ ქართული მარშისნაირ ჯგუფებს არ უნდა მიეცეთ ქვეყნის მთავარი სიმბოლოებისა და ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაციის შესაძლებლობა.

"სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის პროფაშისტური ჯგუფისათვის დათმობა.

ილია იყო თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა. მის სახელს ჩვენს ქვეყანაში უკავშირდება:

დასავლეთზე ორიენტაცია;

მოდერნულობისადმი ღიაობა მთელი მისი ინსტიტუტების საქართველოში გადმოღებით (მედიები, ბანკი, ენ-ჯი-ოები);

ეროვნული პრობლემატიკის წინა პლანზე გამოტანა სოციალური საკითხის გათვალისწინებით;

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და აღმოჩენა მართლწერის რეფორმასთან და ლიტერატურის განახლებასთან ერთად -

პრორუსული და პროფაშისტური ჯგუფები უპირისპირდებიან ილიას მემკვიდრეობის ყველა ამ მიმართულებას. თანაც, სამწუხაროდ, ისინი დღეს მარტონი არ არიან, უბრალოდ ღიად აჩვენებენ ტენდენციებს, რომლებიც უფრო მეინსტრიმულ სივრცეებშიც გვხვდება, ოღონდ უფრო შეფარულად.

ასეთი ჯგუფები პლურალისტურ საზოგადოებებში შეიძლება არსებობდნენ, მაგრამ მათ სხვადასხვა გზით უნდა ჩაეკეტოთ ქვეყნის მთავარი სიმბოლოებისა და ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაციის შესაძლებლობა." - წერს გიგა ზედანია.

გუშინ, 2 ივლისს, ქართულ მარშს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ყრილობა ჩაატარებინეს. 

ქართული მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ თქვა, რომ მისთვის სიმბოლურია, რომ პარტიას ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში აფუძნებს, "რადგან ფუძემდებლურად ჭავჭავაძის პრინციპების გამგრძელებლები" არიან. 

ყრილობის ჩატარებამდე ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა პარტიის სახელით განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოუწოდა ნეოფაშისტურ და პროპუტინურ დაჯგუფება ქართულ მარშს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორია არ დათმობოდა.

ტაბულასთან საუბარში სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციამ კი თქვა, რომ მუზეუმის ტერიტორია კომერციული ფართია და მისი ქირაობა ნებისმიერი დანიშნულებით შეიძლება.

კომენტარები