ენმ

დეკანოიძე: პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად, ხელისუფლებისგან სიძულვილის ენას ვისმენთ

ხატია დეკანოიძე
ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, თუ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები საზოგადოებაში პოლარიზაციის დათესვას გააგრძელებენ, "მთელი ცივილიზაციის რისხვა მოხვდებათ". 

ამის შესახებ ხატია დეკანოიძებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ოპოზიციის მიმართ სიძულვილის ქადაგებას ეხებოდა. 

"მიუხედავად ჩვენი პარტნიორების არაერთი მკაცრი გაფრთხილებისა, რომ საარჩევნო გარემო თავისუფალი უნდა იყოს, ხოლო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ვისმენთ ძალიან მძიმე სიძულვილის ენას. გვიწოდებენ რადიკალებს, კრიმინალებს". – თქვა ხატია დეკანოიძემ. 

როგორც ენმ-ს წევრი ამბობს, პრემიერმინისტრიც კი პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ოპოზიციის მიმართულებით ძველბიჭურ გარჩევებს არ ერიდება. 

"ეს არის სიძულვილის და დაპირისპირების ენის გაღვივება, რომელიც საზოგადოებაში პოლარიზაციას ვითარების დამძიმებას უწყობს ხელს. უკვე აშკარაა, რომ ხელისუფლება არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება და ამ სიძულვილის ენასაც მხოლოდ მის გასაგონად, საამებლად იყენებს". – ამბობს პოლიტსაბჭოს წევრი. 

ხატია დეკანოიძე ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თუ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო ვითარება არ იქნება და დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება, მათთვის ძალიან მძიმე შედეგი იქნება. 

"მათ საზოგადოების და, ზოგადად, ცივილიზაციის რისხვა მოხვდებათ ცხვირში, თუ ასე გააგრძელებენ პოლარიზაციის დათესვას საზოგადოებაში". – თქვა ხატია დეკანოიძემ. 

კომენტარები