ბიუჯეტი

IDFI: ორ წელში სსიპებ-მა 382 ავტომობილი შეიძინეს, რაზეც 18 მილიონი ლარი დაიხარჯა

ტაბულა

ბოლო ორი წლის განმავლობაში საჯარო უწყებებმა ჯამურად 382 ავტომობილი შეიძინეს. ავტომობილებში გადახდილი ჯამური თანხა კი 18 მილიონ ლარს აღემატება. შეძენილი 382 ავტომობილის უმეტესობა - 253 ავტომობილი 2018-2019 წლებში გამოშვებული მოდელია.

ამის შესახებ ცნობილი ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის [IDFI] მიერ საჯარო უწყებებში ავტოტრანსპორტის და საწვავის ხარჯების შესახებ ჩატარებული კვლევიდან ხდება ცნობილი

კვლევის ძირითადი მიგნებების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ბოლო ორი წლის განმავლობაში 31-მა უწყებამ ჯამში 382 ავტომობილი შეისყიდა, საიდანაც 253 ერთეული არის 2018-2019 წლებში გამოშვებული უახლესი მოდელი;
  • 2018-2019 წლებში, 31 სსიპ-ს მიერ შესყიდული ავტომობილების ჯამურმა ღირებულებამ 18 მილიონ ლარს გადააჭარბა;
  • კვლევის სამიზნე უწყებების თანამდებობის პირებზე გაპიროვნებული ავტომობილების უმეტესობა მაღალი გამავლობის ავტომობილებია, კერძოდ, 133-იდან 75 (56.4%);
  • 2019 წლის 27 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 151,574.4 ლარად შეისყიდა Toyota Land Cruiser-ის მოდელის ავტომობილი, რაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებას 10,000 ლარით აღემატება;
  • თანამდებობის პირებისთვის დაწესებული ყოველთვიური საწვავის ლიმიტები 140 ლიტრიდან 850 ლიტრამდე მერყეობს. ყველაზე მაღალი ლიმიტით გამოირჩევა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი (თვეში 850 ლიტრი);
  • 122 თანამდებობის პირმა 2019 წელს 425,000-მდე ლიტრი საწვავი მოიხმარა, რაც სახელმწიფოს დაახლოებით მილიონი ლარი დაუჯდა;
  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა 2019 წელს ყველაზე მეტი, 10,371 ლიტრი საწვავი მოიხმარა და 50,200 კმ დაფარა;
  • 2019 წელს, 10-მა თანამდებობის პირმა ჯამში დაახლოებით 490,000 კილომეტრი გაიარა, თითოეულმა საშუალოდ 49,000 კილომეტრი;
  • 2019 წელს 20-მა თანამდებობის პირმა გადააჭარბა დადგენილ საწვავის ლიმიტს;
  • იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, ერთი წლის განმავლობაში, საკუთარი თავისთვის დადგენილი ლიმიტი ოთხჯერ გაზარდა, 275 ლიტრიდან 600 ლიტრამდე;

კომენტარები