კორონავირუსი საქართველოში

ბიზნესვიზიტორებმა ან ფასიანი კარანტინით უნდა ისარგებლონ, ან ფასიანი PCR ტესტებით

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება. 

თურნავას თქმით, საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორს ორი არჩევანი აქვს - მან სავალდებულო კარანტინი ფასიან საკარანტინო სივრცეში უნდა გაიაროს, ან 14 დღის განმავლობაში ყოველ მე-3 დღეს PCR ტესტი საკუთარი ხარჯით უნდა გაიკეთოს.

"ეს არ ეხება მარტო ევროკავშირიდან ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს. ეს იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ ბიზნესვიზიტორს. მათ მიეცემათ საშუალება, სავალდებულო კარანტინი ჩაანაცვლონ სავალდებულო, პერიოდული ტესტირებით. ბიზნესვიზიტორების ხარჯით უნდა იქნეს შეძენილი PCR ტესტი და ყოველ მესამე დღეს უნდა იყოს გაკეთებული მათ მიერ, ჩვენი მონიტორინგის ქვეშ, მათი აქ ყოფნის პირველი 14 დღის განმავლობაში. ბიზნესმენი მზადაც არის ფინანსურად, რომ ეს გარკვეული ხარჯი გაიღოს - არ არის ეს რაღაც გადაულახავი საფასური, რაც მან უნდა გადაიხადოს იმისთვის, რომ თვითონაც იყოს უსაფრთხოდ და ჩვენც ვიყოთ დარწმუნებული, რომ ვართ უსაფრთხოდ და, ამავდროულად, არ შეფერხდეს ინვესტორებთან კომუნიკაცია, არ შეფერხდეს ინვესტორების მიმოსვლა.  

ვიზიტორებს აქვთ არჩევანი - თუ დიდი ხნით არიან ჩამოსული, შეიძლება არჩიონ ფასიანი კარანტინი და ამით ჩვენს სასტუმროებსაც დაეხმარებიან, ჩვენც დაგვიცავენ ეპიდემიოლოგიურად ან იგივე გააკეთონ ტესტირების მეშვეობით", - ამბობს ნათია თურნავა იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები