კორონავირუსი და ტურიზმი

გაუქმებული ჯავშნები და დამატებითი ზარალი - როგორ მოატყუა მთავრობამ ტურისტული სექტორი

ელენე მესხია
0 კომენტარი

ტურისტულმა კომპანიამ, Global Tour Georgia-მ 9 მაისს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული დოკუმენტი მიიღო, სადაც ეწერა, რომ 1 ივლისს საზღვრები აუცილებლად გაიხსნებოდა და შეეძლოთ, პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკებები დაეწყოთ.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ტურისტული კომპანიები განსაკუთრებულად დაზარალდნენ. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სრული რეკომენდაციები ჯერ არ ჰქონდათ, ოფიციალური წერილის მიღებისთანავე კომპანიამ სწორება პირველ ივლისზე აიღო და კვლავ დაიწყო ტურისტების მოზიდვა.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სახელმწიფომ ისინი მოატყუა და საზღვრები პირველი ივლისიდან არ გაიხსნა.

მაისის დასაწყისიდან ივნისის ბოლომდე მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერმინისტრი და ეკონომიკის მინისტრი ამბობდნენ, რომ საქართველო საზღვრებს პირველი ივლისიდან გახსნიდა. ივნისის ბოლოს კი, ცნობილი გახდა, რომ, მიუხედავად ევროკავშირის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვედრისა, ქვეყანა რეგულარულ ფრენებს არ აღადგენდა. ტურისტულმა კომპანიებმა კი ისედაც დიდ ფინანსურ ზარალთან ერთად, ახლა უკვე რეპუტაციული ზიანიც მიიღეს.

Global Tour Georgia-ს გენერალური მენეჯერი, გიორგი სუხიშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ კომპანიას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ პირველ ივლისს საზღვრები იხსნებოდა და მუშაობას განაახლებდნენ, თუმცა მათ რეგულაციებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ, თავად სახელმწიფო უწყებები კი კონკრეტულ რეკომენდაციებს არ გასცემდნენ. ამიტომ  კომპანიამ თავად მოიძია შესაბამისი ლაბორატორიები, რომლებიც იმ ქვეყნებში, საიდანაც ტურისტები ჩამოვიდოდნენ, კოვიდტესტს 15 დოლარად გაუკეთებდნენ. კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა იმის გამო, რომ პირველი ივლისიდან საზღვრები არ გაიხსნა, Global Tour Georgia-ს მიერ მოძიებული თანხები დაიკარგა და კომპანიამ დამატებითი ზარალი მიიღო.

როგორც სუხიშვილი განმარტავს, ფინანსურ ზარალზე არანაკლებ მნიშვნელოვანია რეპუტაციული ზარალი, ვინაიდან პარტნიორი კომპანიებისთვის გაუგებარია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება,  რა უშლით ხელს საზღვრების გახსნაში. როგორც სუხიშვილი ამბობს, მათი ტურისტული კომპანია საქართველოში სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნიდან შუამავალი და პარტნიორი კომპანიების საშუალებით იღებს.

„მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილების გამო ქართველ პარტნიორებს კონტრაქტების გაუქმება მოუწიათ, უცხოელი კომპანიებისთვის გადაწყვეტილების მიზეზი გაუგებარია. ესენი არიან ძალიან დიდი კომპანიები. 300-მილიონიანი მომხმარებელი ჰყავთ და უზარმაზარი ორგანიზაციაა. მათ მიმართ არასერიოზულები გამოვედით,  2011 წლიდან ვმუშაობთ იმიჯზე.

ისინი worldometers-ის საიტს აკვირდებიან, სადაც ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობას იგებენ. მათთვის გასაგებია, რატომ გააუქმა ისრაელმა ფრენები, იმიტომ რომ იქ არის 300, 400, 500 ინფიცირებული ყოველდღიურად და საქართველოში ხედავენ, რომ დღეში მხოლოდ 3 და 4 ინფიცირებული გვყავს. მეკითხებიან: რატომ? და ძალიან უსუსური ვარ, არ ვიცი, რა ვუპასუხო“. − ამბობს სუხიშვილი. 

26 ივნისს, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენის ერთი თვით გადავადებაზე ლაპარაკისას თქვა, რომ ერთ თვეში საჰაერო ტრანსპორტით ჩამოსული ტურისტების რაოდენობა  "ზღვაში წვეთი " იქნებოდა, თუმცა Global Georgia Tour- ის გენერალური მენეჯერი ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ იმ ჯავშნებით, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით გაუქმდა, „ერთ წელს მაინც გაიტანდნენ თავს“.

გაუგებარია, რას ეყრდნობოდა ხელისუფლება, როდესაც პირველ ივლისს რეგულარული ფრენების აღდგენის ბრძანებას გასცემდა, ან რას ეყრდნობა ახლა, როცა საზღვრებს არ ხსნის.

სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში კონტროლირებადი ეპიდსიტუაციის შენარჩუნებას ემსახურება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს ავიახაზებს ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 2020 წლის 25 ივნისს მიანიჭა. მგზავრებს კი მოუწოდა, "თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით".

მთავრობის გადაწყვეტილებას ფრენების გადადებასთან დაკავშირებით დაემატა ისიც, რომ დაბალბიუჯეტიანმა კომპანია Wizz Air-მა ქუთაისში თავისი ბაზა დროებით გააუქმა.  მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ბაზის გაუქმების ოფიციალურ მიზეზად საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები არ დაუსახელებია, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ქუთაისში ბაზის გაუქმების პარალელურად კომპანიამ უკრაინაში მეორე ბაზა დაამატა.

30 ივნისს ავიაკომპანიამ რეისების უმეტესობა 2021 წლის მაისამდე გააუქმა – 2020 წლის აგვისტოდან მხოლოდ რვა რეისზე იძებნება ბილეთები: ვარშავის, დორტმუნდის, რიგის, ვილნიუსის, ათენის, ბუდაპეშტის, ვენის და ლარნაკის მიმართულებით.

ლაშა ბერეკაშვილი  საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარეა. მას ტურისტული ოფისი ქუთაისში აქვს, ისინი იმერეთსა და დასავლეთ საქართველოში მუშაობენ.

როგორც ბერეკაშვილი ტაბულასთან საუბრისას ამბობს, ქუთაისის ტურისტული ინდუსტრიის 95% საერთაშორისო ვიზიტორებზე იყო აწყობილი.  მისი განმარტებით, ქუთაისს Wizz Air-ის გარეშე ნულოვანი პერსპექტივა აქვს.

„Wizz Air-ს, ამ ერთ ავიაკომპანიას ჰქონდა უდიდესი როლი ქუთაისში ტურიზმის განვითარების მხრივ. თუ არ ჩავთვლით კანიონებს, მღვიმეებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს − გელათს, ბაგრატს, მოწამეთას, შიდა ტურიზმის ინტერესი ყოველთვის ნაკლები იყო. სხვა პრობლემაა, რატომ იყო ნაკლები, რატომ არ ვპოზიცირებდით ამ მიმართულებით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ქუთაისი საინტერესო იყო საერთაშორისო ვიზიტორებისთვის მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე.

იმიტომ, რომ ქუთაისიდან ადვილია სვანეთში, ბათუმში, ახალციხეში, რაჭაში, თბილისში მოხვედრა. ამიტომ იყო დიდი ინტერესი ქუთაისის მიმართ მათი მხრიდან“. − ამბობს ბერეკაშვილი.

რაც შეეხება უმუშევრად დარჩენილ ხალხს, ბერეკაშვილის თქმით, შემოსავალი დაკარგეს სასტუმროების და ჰოსტელების მეპატრონეებმაც. მისი თქმით, მათ ორგანზიაციას გიდების დიდი ნაწილი გადამზადებული ჰყავდა და ელოდებოდნენ ახალ სეზონს, რაც დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი, ბერიკაშვილის განმარტებით, არ იარსებებს იქამდე, სანამ ფრენები არ აღდგება.

„ერთადერთი, რასაც ვებღაუჭებით, არის თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებელი რომ გადაადგილდება, ქუთაისში 15-წუთიანი შესვენება რომ გააკეთოს. ეს არის ერთადერთი მცირედი ხელშეწყობა ქალაქთან დაკავშირებით, რომ შიდა ტურიზმის ლუკმა, ნაჭერი გადმოვარდეს ჩვენთანაც.

ამით, შესაძლოა, შიდა ტურიზმით დაინტერესებულმა ადამიანებმა ისარგებლონ, ჩამოვიდნენ ქალაქში, მოტივაცია გაეზრდებოდათ, კომფორტულად იმგზავრებდნენ და ქალაქიდან გადაადგილების დროსაც გამოიყენებდნენ ამ ჩაქაროსნულ მატარებელს.

ქუთაისის მცხოვრებლებს არა აქვთ საშუალება, ჩქაროსნული მატარებლით ისარგებლონ თბილისის ან ბათუმის მიმართულებით. გვაქვს სადგური, სადაც სხვა მატარებლები ჩერდება. არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეა საუბარი. ამას არ სჭირდება დიდი თანხა და ბევრი დრო. მალეა შესაძლებელი, ქუთაისი ამ ლოჯისტიკურ ჰაბში მოექცეს. ახლა თუ უნდათ, ტურიზმიდან რაღაც ნაწილი ამ ქალაქსაც შეახვედრონ, იქნებ ჩქაროსნული მატარებლის საკითხი გაააქტიურონ“. − ამბობს ბერიკაშვილი.

რა მოხდება, თუ ტურიზმი არ აღდგება?

19 ივნისს, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ტურიზმის სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის კვლევაში განხილულია ტურიზმის სექტორისა და საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის რამდენიმე სცენარი.

პირველი ყველაზე პესიმისტური სცენარის მიხედვით მიმდინარე წელს ტურისტული სექტორი მხოლოდ ადგილობრივი ტურისტების იმედად უნდა იყოს. მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ორგანიზაციის პროგნოზით, მშპ 10%-ით შემცირდება;

მეორე სცენარით, ისინი, ვინც საზღვარგარეთ მოგზაურობდა, ზღვისა თუ მთის ადგილობრივ კურორტებზე გადანაწილდებიან. ამის მიუხედავად, კლება ქვეყნის ეკონომიკისთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება და მშპ 9,9%-ით შემცირდება;

მესამე სცენარის მიხედვით, საქართველოდან გამსვლელი ტურისტების მიერ დასახარჯი თანხა მთლიანად ადგილობრივ ვიზიტებზე დაიხარჯება, მაგრამ ამ შემთხვევაში მშპ, შესაძლოა, 9,2%-ით შემცირდეს;

მეოთხე სცენარი უკვე უსაფრთხო კორიდორების მეშვეობით პარტნიორ ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობას მოიცავს. ამ შემთხვევაში საერთაშორისო მოგზაურობათა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის 25%-ს გაუტოლდება, ხოლო მშპ 7,9%-ით შემცირდება;

მეხუთე სცენარი საერთაშორისო ვიზიტორების 50%-ით აღდგენას ითვალისწინებს, რა შემთხვევაშიც მშპ-ს შესაძლო კლება 6,5%-ს გაუტოლდება.

წლის პირველ ხუთ თვეში მხოლოდ ტურიზმიდან შემცირებული შემოსავალი გასული წლის მშპ-ს 3,7%-ს შეადგენს. ეს კიდევ უფრო საინტერესოა, იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტის განახლებულ ვერსიაში, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს მშპ 4%-ით შემცირდება, მოსალოდნელია, რომ კლებამ ბიუჯეტის ვერსიას საგრძნობლად გადააჭარბოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები