მსოფლიოში COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 11 მილიონს გადააჭარბა

კალიფორნია
Bloomberg

მსოფლიოში COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 11 მილიონს გადააჭარბა. 4 ივლისის 10:30 საათის John Hopkins University&Medicine-ის მონაცემებით, ინფექცია 11 078 760 ადამიანს დაუდასტურდა.

მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვლინდა – 2 794 153.

მას მოსდევს ბრაზილია 1 539 081 დადასტურებული შემთხვევით, რუსეთი 666 941 შემთხვევით, ინდოეთი - 648 315, პერუ - 295 599, ჩილე - 295 599 შემთხვევით.

ინდოეთი აზიაში კორონავირუსის გავრცელების ახალი ეპიცენტრია, სადაც დღიურად დაახლოებით 10 000 დადასტურებული შემთხვევა ვლინდება. 

ასევე, ბრაზილიაში დღიურად საშუალოდ 10 000 ადამიანს უდასტურდება ახალი ვირუსი.

3 ივლისს ბრაზილის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ქუჩაში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოსახლეობას პირბადის ტარება ევალება. თუმცა მან ვეტო დაადო იმ მუხლებს, რომლის მიხედვითაც ხალხს პირბადის ტარება მოეთხოვებოდა ისეთ დახურულ სივრცეებში, როგორიცაა ტაძრები, სკოლები და მაღაზიები.

2 ივლისს აშშ-ში ახალი ვირუსი ერთ დღეში ყველაზე მეტ, 55 400 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 10 000 შემთხვევა ფლორიდაზე მოდის. 

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 525 121 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 6 300 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 8%-ია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ინფიცირების 946 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 825 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები