ეზუგბაია: სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, ახალი კორონავირუსის სამივე ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია. მისივე თქმით, სამი ახალი პაციენტი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

"ახალი სამი დადასტურებული შემთხვევა - სამივე შემოტანილია. ესენი გახლავთ სამივე სატვირთო ავტომანქანების მძღოლები. ამ სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ჩვენთან [ინფექციურ საავადმყოფოში] მოთავსდა, Covid დადასტურებული პაციენტი. ჩვენ გვყავდა 23 და გაგვიხდა 24 დადასტურებული შემთხვევა," – თქვა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, გუშინდელი მონიტორინგით, ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელიც ეზუგბაიას ცნობით, ალბათ, დღეს დატოვებს ცენტრს. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ამბობს, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია და, ძირითადად, საშუალო სიმძიმისაა.

რაც შეეხება ახალ პაციენტს, მარინა ეზუგბაიას თქმით, პირველადი მდგომარეობა არ არის მძიმე:

"პირველად ჩატარებული რუტინული კვლევები და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით, ჯერჯერობით მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება და როგორ მოხდება განვითარება და პირველი კვირის განმავლობაში თუ დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება, მაშინ მდგომარეობა უცვლელი დარჩება, გამოჯანმრთელება დაიწყება".

შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი განიკურნა. stopcov.ge-ის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 946 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 825 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები