საზღვრების გახსნა

უგულავა: გახსენით თურქეთთან საზღვარი, სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილობა დაწყებულა

ტაბულა

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მისცეს საშუალება დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებს, წავიდნენ თურქეთში სეზონური სამუშაოს შესასრულებლად.

"გახსენით თურქეთთან საზღვარი, მანამ, სანამ დასავლეთ საქართველოში პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილი არ დაწყებულა". - აცხადებს ის.

გიგი უგულავა ამბობს, რომ ათიათასობით მოქალაქისთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

"უკვე წლებია, ჩვენი თანამოქალაქეები, იმის გამო, რომ ვერ შოულობენ აქ სამუშაოს, დადიან თურქეთში სეზონურ სამუშაოზე. მე ვსაუბრობ ათიათასობით ადამიანზე, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით და მიდიან მეზობელ ქვეყანაში ხილზე და ჩაის საკრეფად.

ერთი ადამიანი ამ სამი თვის განმავლობაში აგროვებს 8-10 ათას ლარს, რითაც ინახავს ოჯახს მთელი წელი". - აცხადებს ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი.

მისი თქმით, უხეში გაანგარიშებით, საქართველოს ეკონომიკა 200 მილიონ ლარს დაკარგავს, თუ მთავრობა საზღვარს არ გახნის.

გიგი უგულავა მთავრობას მოუწოდებს, შექმნას შესაბამისი სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, რათა სეზონურმა მუშებმა ისევე გაიარონ შემოწმება, როგორც ტრაილერის მძღოლებმა:

"არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ არ გაივლის შემოწმებას, თუ საჭირო იქნება, კარანტინში არ წავა, მაგრამ, თუ ჩვენ ახლა არ მივეცით ადამიანებს მუშაობის საშუალება, პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილობა გველის შემოდგომიდან და ამაზე პასუხისმგებელი იქნება თავიდან ბოლომდე საქართველოს მთავრობა და ქართული ოცნება".

როგორც ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი ამბობს, თურქეთის ახლომდებარე რეგიონებში ეპიდემიური ვითარება დაახლოებით ისეთია, როგორიც დასავლეთ საქართველოში. ის მოუწოდებს მთავრობას, ხელი შეუწყოს მოქალაქეებს ვირუსთან თანაცხოვრებასა და წესების დაცვით მუშაობაში.

"ჩვენ კარგად გვესმის ეპიდვითარება და ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. ამავე დროს, ჩვენ უნდა დავუჯეროთ პირველ რიგში ექიმებს და ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას, რომელიც უკვე აშკარად იყენებს კორონავირუსს პოლიტიკური მიზნებისთვის". - ამბობს გიგი უგულავა.

გუშინ, სამ ივლისს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ჯერჯერობით სახმელეთო საზღვრების გახსნა არ იგეგმება და ამ საკითხთან დაკავშირებით "ნაჩქარევი ნაბიჯები ვერ და არ გადაიდგმება".

კომენტარები