ჰონგ-კონგი

კანადა ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის ხელშეკრულებას წყვეტს

CTV

ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უშიშროების კანონების ამოქმედების შემდეგ კანადა ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის ხელშეკრულებას წყვეტს.  

პრემეირმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ჰონგ-კონგს მხარდაჭერა გამოუცხადა. ქალაქში ამჟამად 300 000 კანადელი ცხოვრობს. 

ტრიუდომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კანადა ჰონგ-კონგში გარკვეული სამხედრო ტექნიკის ექსპორტსაც აკრძალავს.  

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანსუა ფილიპ შამპანმა დაგმო კანონპროექტის საიდუმლოდ ამოქმედება და თქვა, რომ კანადა იძულებულია, არსებული შეთანხმებები გადააფასოს.  

"ეს მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯია თავისუფლების მხრივ... ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ პეკინი მოუსმენდა საერთაშორისო საზოგადოებას," - თქვა მან.

ოტავამ, შესაძლოა, იმ ჰონგ-კონგელებს, რომლებსაც კანადაში ოჯახები ჰყავთ და კიდევ მეტ მოქალაქეს სამუშაო პროგრამაში მონაწილეობის უფლება მისცეს, შემდგომ კი მათ მოქალაქეობის აღების შესაძლებლობა ექნებათ.

ახალი კანონებით, სეცესიის, მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, 3-წლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. პეკინი ჰონგ-კონგში გახსნის უშიშროების ოფისს, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ეყოლება. ჰონგ-კონგის მმართველი შეძლებს, ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე დანიშნოს მოსამართლეები, იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტს, უნდა იყვნენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გასაჩივრება შეუძლებელი გახდება. ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.

გეგმის მიხედვით, ჰონგ-კონგის მთავრობამ უნდა შექმნას ეროვნული უშიშროების კომისიაც, რომელსაც მთავრობის ლიდერი, კერი ლამი უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩინეთის მთავრობა მრჩეველს დანიშნავს.

კანონის 38-ე მუხლის მიხედვით დამრღვევად შეიძლება ჩაითვალოს ის პირიც, რომელიც ჰონგ-კონგში არ იმყოფება და მოქალაქე არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი კანონების საფუძველზე, შესაძლოა, უცხოეთის მოქალაქეებიც დააკავონ.

ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

კანონის მიღების შემდეგ მის საფუძველზე უკვე დააკავეს 10 ადამიანი. პირველ ივლისს გამართულ აქციაზე სულ 360-მდე მომიტინგე დააკავეს.

უშიშროების ახალი კანონებისა და ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

უშიშროების ახალი კანონის პასუხად დიდი ბრიტანეთი ჰონგ-კონგელებს ცხოვრების უფლების, შემდეგ კი მოქალაქეობის მიღების გამარტივებას დაჰპირდა.

პირველ ივლისს, მაშინ, როდესაც ჰონგ-კონგის ახალი კანონები ამოქმედდა, ტაივანში გაიხსნა ორგანიზაცია, რომელიც ჰონგ-კონგიდან წამოსულ მოქალაქეებს დახმარებას გაუწევს, მათ შორის, დასაქმების და მოქალაქეობის მიღების მხრივ.

აშშ-ს უკვე დაწყებული აქვს ჰონგ-კონგისთვის სპეციალური სტატუსის გაუქმების პროცესი. აშშ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგის გამო სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ასევე, 2 ივლისს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ჰონგ-კონგში უშიშროების კანონის მიღების გამო ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები