სახმელეთო საზღვრები

ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი გახსნა

0 კომენტარი

ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს Facebook გვერდზე გავრცელდა. 

"გაცნობებთ, რომ ესპანეთის სამეფომ საქართველო შეიყვანა 15 ქვეყნისგან შემდგარ იმ სიაში, რომელი ქვეყნებიდანაც მომავალ მგზავრებზე არ ვრცელდება ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვები.

ცვლილება ძალაში შედის 4 ივლისის 00:00 სთ-დან.

კანონი ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე რომლებიც ესპანეთში მოემგზავრებიან საქართველოდან.

ამასთანავე, ყველა მგზავრმა, რომელიც ესპანეთში გამგზავრებას აპირებს, მოგზაურობის დაწყებამდე უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადების ფორმა ინტერნეტმისამართზე: www.spth.gob.es, ან უფასო აპლიკაციის გამოყენებით. SPAIN TRAVEL HEALTH-SpTH . ფორმის შევსების შემდეგ, მგზავრი მიიღებს QR კოდს, რომელსაც წარმოადგენს ესპანეთში ჩასვლისას," - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს საზღვარი გერმანიამაც გაუხსნა და ამით ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია გაითვალიწინდა, რომელიც 30 ივნისს გამოქვეყნდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი საფრანგეთმაც გახსნა.

20 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გახსნას შვეიცარიაც აპირებს.

ევროკავშირის საბჭოს უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ამ სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცა უკვე ჩეხეთი, რომელმაც 15 რეკომენდებული ქვეყნიდან თავის სიაში მხოლოდ 8 დატოვა. ამ სიაში საქართველო ვერ მოხვდა.
 

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდება. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის საზღვრებს არ გახსნის არც იტალია. ამის შესახებ წერს La Repubblica.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შეთანხმდნენ, პირველი ივლისიდან საზღვრები გაეხსნათ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესულთათვის, იტალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გეგმას არ შეუერთდებიან და ევროკავშირის გარეთ მდებარე ქვეყნებისათვის სავალდებულო კარანტინს ძალაში დატოვებენ, მაშინაც კი, თუ ამ ქვეყნების მოქალაქეები იტალიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნის გავლით ჩავლენ.

გუშინ, სამ ივლისს, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ჯერჯერობით სახმელეთო საზღვრების გახსნა არ იგეგმება და ამ საკითხთან დაკავშირებით "ნაჩქარევი ნაბიჯები ვერ და არ გადაიდგმება".

25 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა პირველ აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები