კრიმინალი

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

სამართალდამცველებმა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ოზურგეთში ხუთი პირი დააკავეს. 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ" - აცხადებს შსს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები