ჩეჩნეთი

ავსტრიაში მოკლეს ჩეჩენი ბლოგერი, რომელიც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა

0 კომენტარი
ფოტო: youtube

ავსტრიაში მოკლეს ჩეჩენი ბლოგერი, მამიხან უმაროვი. 

Кавказ.Реалии-ს ინფორმაციით, მკვლელობა ვენის მახლობლად მდებარე ქალაქში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მოხდა. ევროპაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის თქმით, თავდამსხმელი ჩეჩნეთიდან იყო. ის ავსტრიის პოლიციამ ქალაქ ლინცში დააკავა. 

ჩეჩენი ბლოგერი რამზან კადიროვს აკრიტიკებდა. მას YOUTUBE არხი ჰქონდა და ის საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი იყო სახელით"ანზორი ვენიდან". უმაროვი ავსტრიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროპაში მყოფი ჩეჩნები, რომლებიც კადიროვს და ვლადიმირ პუტინს აკრიტიკებდნენ და ქვეყნის დატოვება მოუხდათ, მკვლელის სამიზნეები გახდნენ. წელს ერთი ჩეჩენი ბლოგერი უკვე მოკლეს და მეორეს თავს დაესხნენ. 

ცნობილმა ჩეჩენმა ბლოგერმა ტუმსო აბდურახმანოვმაც თქვა, რომ პოლონეთში მას თავს დაესხნენ და მისი მოკვლა სცადეს. აბდურახმანოვმა ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც მეორე მამაკაციც ჩანს, მას სისხლი სდის, აბდურახმანოვს კი ჩაქუჩი უჭირავს, რომლითაც, როგორც თავად ამბობს უცნობი კაცი მოკვლას უპირებდა.

2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლი და პანკისის მკვიდრი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი. Belligcat-ის, გამოცემა Spiegel-ისა და რუსული Insider-ის ახალი ერთობლივი გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელმა, ვადიმ კრასიკოვმა სპეციალური მომზადება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [ФСБ] ელიტარული ქვედანაყოფის "ვიმპელის" ბაზაზე გაიარა.

მიმდინარე წლის 4 თებერვალს კი 44 წლის იმრან ალიევი, საფრანგეთის ქალაქ ლილის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს მოკლული. მას დანით კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

კადიროვი ქართველ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასაც ღიად ემუქრება. 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ეთნიკურად ინგუში რუსეთის მოქალაქე ბოკოვი საქართველოში ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. მთავარი არხის ცნობითვე, მკვლელობა ბოკოვს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

2019 წლის ივლისში გიორგი გაბუნიამ რუსთავი 2-ზე საავტორო გადაცემის მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დედა შეაგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. თავად პუტინის გარდა, გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერიც გამოეხმაურა. კადიროვმა დაწერა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

2020 წლის 17 ივნისს კადიროვი ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და დაწერა, რომ, თუკი ვინმე მისი ბრძანების მიხედვით მოქმედებს, ის ამას შეასრულებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები