ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბათუმში თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობაში ბრალდებულ 5-ვე პირს პატიმრობა შეეფარდა

მთავარი არხი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 5-ვე პირს პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა 5-ვე ბრალდებული დღეს დააკავეს.

დღეს, 7 ივლისს, გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ გირაოს შეფარდება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 5-ვე ბრალდებული ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დარჩა.

მედიაში გავცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებს შორის 2 სპორტსმენია, მათ შორის ერთერთი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი, იური ლომაძეა.

დაკავებულების ადვოკატის, ზვიად მარკოძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი და დაუსაბუთებელია, რადგან – "ყველა ბრალდებული თავისი ფეხით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, არცერთი მათგანი ნასამართლევი არაა, შესაბამისად, სასამართლოს არსებული გარემოებები უნდა გაეთვალისწინებინა". ადვოკატის თქმით, ამ მიზეზების გათვალისწნებით, სასამართლოს გირაო უნდა დაეკმაყოფილებინა.

ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები