გიორგი შაქარაშვილის საქმე

ექსპერტი: შაქარაშვილის ხელის მაჯის სახსარი, დაახლოებით, 90 გრადუსით მოხრილია

გიორგი შაქარაშვილის საქმის დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის თქმით, იმ სურათების მიხედვით, რაც ცხედარს პირველადი დათვალიერებისას გადაუღეს, ცალსახაა, რომ ადგილი აქვს დაზიანებებს. 

ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ ეს დაზიანებები ცხედარს აღენიშნება ხელის მაჯის სახსარში, ტუჩთან და საფეთქელთან ახლოს. 

"სურათების მიხედვით, ცალსახაა, რომ დაზიანებებს ადგილი აქვს. ხელის მაჯა სახსარში მკვეთრად მოხრილია, სადღაც 90 გრადუსით და აქცენტი იყო გამახვილებული იმაზე, ეს ხომ არ არის მოტეხილობა, რამეთუ ხელის მტევნის ატიპიურ დგომასთან გვაქვს საქმე. 

ტუჩის მიდამოში, სადღაც საფეთქლის ლოკაციაში, მარჯვნივ თუ მარცხნივ, აღარ მახსოვს ზუსტად, ასახულია მოწითალო უბანი საფეთქლის პროექცია, რომელიც თავისი მორფოლოგიითა და გაჭუჭყიანებული ზედაპირის მხედველობაში მიღებით, ცალსახად დასკვნების საშუალებას არ იძლევა, ეს სიცოცხლის დროინდელია თუ –სიკვდილის შემდგომი. 

რაც შეეხება პირის ნაპრალის პროექციას, ქვემო ტუჩზე არის მეტ-ნაკლებად ანალოგიური უბანი, თუმცა ის მეტ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ აქ ადგილი უნდა ჰქონდეს დაზიანებას, რაც ასევე არის, როგორც ყველა სხვა დაზიანება, რაც მე აქამდე მითქვამს, ბლაგვი ტრავმის შედეგი". – თქვა ექსპერტმა. 

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. მისი სიკვდილის მიზეზისა და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.

გიორგი შაქარაშვილი სიკვდილამდე მცხეთაში, მეგობრის დაბადების დღეზე იყო. აგარაკზე იუბილარის მეგობრებსა და უბნელებს შორის კონფლიქტი მოხდა, თუმცა, როგორც თვითმხილველები ჩვენებებში წერენ, ჩხუბში შაქარაშვილი არ მონაწილეობდა.

გამოძიების ინფორმაციით, აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა და "ჯგუფური ძალადობა დააორგანიზა".

კომენტარები