სიტყვის თავისუფლება

მარეგულირებელ კომისიას შესაძლოა მაუწყებლებში სპეც. მმართველის დანიშვნის უფლება მიეცეს

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც მაუწყებლობის შესახებ და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებს ეხება, კომისიამ შესაძლოა მედიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სპეციალური მმართველი ორი წლამდე ვადით დაინიშნება. 

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად მთავარი არხის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა და ტელეკომპანია კავკასიის მფლობელმა, ნინო ჯანგირაშვილმა გაავრცელეს. 

იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ტაბულამ მოიპოვა, ჩანს, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოიცავს ცვლილებებს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის ცვლილება ითვალისწინებს, ჩნდება ეჭვი, რომ მისი გამოყენება კომისიას შეეძლება მაუწყებლობის სფეროშიც, მათ შორის, ანალოგიით ან კანონის ფართო განმარტების გზით. საკანონმდებლო პაკეტის განმარტებითი ბარათი მიუთითებს ინიციატორთა განზრახვაზე, რომ ამ ცვლილებებით შექმნან კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების უფრო ეფექტური ერთიანი მექანიზმი. 

მთავარი არხის იურისტი, თამთა მურადაშვილი ტაბულასთან საუბრისას განმარტავს, რომ ეს ორი კანონპროექტი ერთმანეთთან ბმაშია, რითიც კომისიას საშუალება ეძლევა, რომ სპეციალური მმართველი მაუწყებლებშიც დანიშნოს. თამთა მურადაშილი ამ მხრივ განმარტებითი ბარათის იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც წერია, რომ ორივე კანონში შემავალი ცვლილებები ერთ პაკეტად განიხილება, ერთი საფუძველი აქვს და ორივე კანონში შემავალი ცვლილებები ერთმანეთთან ბმაშია.

"ამგვარი ცვლილებები კომისიას აძლევს ინტერპრეტაციის საშუალებას, რომ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შემავალი ჩანაწერი სპეციალურ მმართველებზე, "მაუწყებლობის" კანონისთვისაც გამოიყენოს". – ამბობს თამთა მურადაშვილი. 

ამასთან, მაუწყებლობის შესახებ კანონში კიდევ ერთი ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც მედიის მხრიდან მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ გამოიწვევს აღსრულების შეჩერებას საქმის დასრულებამდე, როგორც ეს მანამდე ადმინისტრაციული კოდექსით იყო გათვალისწინებული. 

კომენტარები