პოლიტიკა

საფრანგეთში მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელეს

საფრანგეთში მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელეს. ცვლილებების შესახებ საზოგადოებას ელისეს სასახლიდან ემანუელ მაკრონის კანცელარიის მდივანმა, ალექსის კოლერმა აცნობა. 

ყველაზე მნიშვნელოვნად ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს შეეხო –თანამდებობა დაკარგა კრისტოფ კასტანერმა, რომელიც შს მინისტრის პოსტს 2017 წლიდან იკავებდა. გადაწყვეტილებას ყვითელი ჟილეტების აქციების დროს პოლიციის მოქმედებებს უკავშირებენ. შინაგან საქმეთა მინისტრად ჟერალდ დარმანენი დაინიშნა, რომელიც მანამდე სახელმწიფო ანგარიშების მინისტრის პოსტს იკავებდა.

პოსტი შეინარჩუნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა და თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ. სამთავრობო გადაადგილებები საფრანგეთში 3 ივლისს დაიწყო, სწორედ ამ დღეს მიიღო ემანუელ მაკრონმა პრემიერმინისტრის, ედუარ ფილიპის განცხადება გადადგომის შესახებ. 

ედუარ ფილიპი პრემიერის პოსტს 2017 წლიდან იკავებდა. ერთ-ერთი ვერსიით, ფილიპის გადადგომა მმართველი პარტიის მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მიღწეულ ცუდ შედეგებს უკავშირდება. მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში 28 ივნისს გაიმართა, ყველაზე მსხვილი გამარჯვება საპრეზიდენტო პარტიამ სწორედ ფილიპის დახმარებით მოიპოვა – ედუარ ფილიპმა ქალაქ გავრის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. 

მიუხედავად ამისა, მმართველმა პარტიამ ქვეყნის არაერთ მსხვილ ქალაქში არჩევნები საკმაო ჩამორჩენით წააგო. მრავალ ოლქში, მაკრონის პარტია მწვანეების პარტიასთან დამარცხდა. 

საფრანგეთის კონსტიტუცია, ედუარ ფილიპს პრემიერად დარჩენის შესაძლებლობას აძლევდა, იმ შემთხვევაში, თუ ფილიპი მის მონაცვლეს წარადგენდა, თუმცა საბოლოოდ პრემიერმა გადადგომა არჩია. ადგილობრივ პრესაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ედუარ ფილიპის გადადგომის მიზეზი, შესაძლოა, მისი მზარდი პირადი რეიტინგი იყოს. 

კიდევ ერთი ვერსიით, ფილიპის გადადგომის მიზეზი, შესაძლოა, სხვადასხვა საკითხებში მაკრონთან არსებული უთანხმოებები იყოს. საუბარია საპენსიო რეფორმისა და ყვითელი ჟილეტების აქციების პერიოდზე, თუმცა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უთანხმოებები ბოლო პერიოდშიც გამოვლინდა.

ფილიპის გადადგომის განცხადების მიღების შემდეგ ემანუელ მაკრონმა პრემიერად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ჟან კასტექსი დანიშნა. პანდემიის პერიოდში კასტექსი კარანტიდან გამოსვლის სტრატეგიის კოორდინატორად მუშაობდა. 

"ახლა ჩვენ ისე, როგორც არასდროს, უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რათა ერთად ვებრძოლოთ მოახლოებულ კრიზისს". – განაცხადა ჟან კასტექსმა წარდგენის ცერემონიის დროს.

მოსალოდნელია, რომ ცვლილებები უმთავრესად შიდა პოლიტიკას შეეხება. ბოლო პერიოდში ემანუელ მაკრონმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გადის კონსულტაციებს. კონსულტაციების საგანი კი ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გადატვირთვა და ახალი, სტრატეგიული სამთავრობო კურსია. 

პრეზიდენტობის პირველი წლები მაკრონისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ამ პერიოდში  ქვეყანამ რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიზისი გაიარა. ივნისის დასაწყისში მაკრონი ამბობდა, რომ მალე მოქმედების ახალ გეგმას წარმოადგენდა. 

მოსალოდნელია, რომ ახალ სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეკოლოგიურ საკითხებს დაეთმობა, განიხილება სხვადასხვა სოციალური საკითხებიც და საუბრობენ ჯანდაცვის სისტემის რეფორმაზეც.

კომენტარები