აშშ-საქართველო

შესაძლოა, აშშ-მ საქართველოს ფინანსური დახმარების 15% შეუჩეროს

Time

აშშ-ს კონგრესში 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონია წარდგენილი. კანონში ნათქვამია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ასევე გაწერილია დახმარების მიღების წინაპირობებიც. კონკრეტულად კი ნათქვამია, რომ ამ თანხის 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა, შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, სანამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არ გადაწყვეტს, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით.

"15%-ის გადაცემა სავალდებულო არ არის, სანამ ხახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს

(ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, რაც ამ აქტის თანმხლებ ანგარიშშია გაწერილი.

(ბ) მთავრობაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, მათ შორის ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გამოყენების კუთხით.

(გ) იმის უზრუნველყოფის კუთხით, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის დაცული იყოს უცხოური ბიზნესების თავისუფლად, შევიწროების გარეშე ოპერირების უფლება, რათა სრულად მოხდეს იმ კომერციული და ფინანსური სარგებლის რეალიზება, რაც საქართველოში გაკეთებული ინვესტიციიდან მომდინარეობს."

კანონში ნათქვამია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის გავითარებას, ეხმარება მოსახლეობის მოწყვლად ნაწილს და მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე. შესაძლებელია, რომ ამ 15% -ის გადაცემა არც შეჩერდეს, თუ სახელმწიფო მდივანი დაადგენს და კომიტეტს განუცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანია აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებისათვის.

აშშ-მ საქართველოს დახმარება შეუმცირა 2003 წლის არჩევნების წინაც. მაშინ მიზეზად რეფორმების გატარებისა და ეკონომიკის განვითარების ტემპის შემცირება დასახელდა.

კომენტარები