აშშ-საქართველო

ვაშაძე აშშ-დან დაფინანსების შემცირებაზე: ეს არის სანქციები და არა - გაფრთხილება

ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ფაქტი, რომ აშშ-მ შესაძლოა საქართველოს დაფინანსება 15%-ით შეამციროს, ქართული ოცნების მავნებლური ქმედებების შედეგია და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის საგანგაშო უნდა იყოს. 

"სამი მთავარი ასპექტი, რის გამოც დაედო ეს სანქციები საქართველოს: პირველი –ეს არის დემოკრატია, დემოკრატიის ხელყოფა, კანონის უზენაესობა, სასამართლო, არჩევნები და ა. შ. მეორე – ეს არის საქართველოში გამეფებული ტოტალური კორუფცია, განსაკუთრებით ზედა ეშელონებში და იმ ანკლაურ ჯგუფში და მესამე – ეს არის ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელშეშლა ქვეყანაში, ანუ საქართველოში აღარ შემოდის ინვესტიცია, თუ ეს არ არის შეთანხმებული ივანიშვილისა და ქართული ოცნების რეჟიმთან". – ამბობს ვაშაძე. 

გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ სანქციები საშინელი განაჩენია ქვეყნისათვის, ამერიკის მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოსთვის დემოკრატიული განვითარების ხელყოფას და ისეთივე ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას ნიშნავს, როგორიც რუსეთის ფედერაციაშია. მისი თქმით, ქართული ოცნების რეჟიმმა, ფაქტობრივად, განადგურების ზღვარზე მიიყვანა სახელმწიფო ინტერესები და მის წინააღმდეგ ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

"ეს არის სანქციები და არა გაფრთხილება, ეს არის საქნცია და არა უბრალოდ კრიტიკული შეფასება. 15%-ით მცირდება საქართველოს დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სწორედ იმ უკანონო ქმედებებიდან გამომდინარე, რაც ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა განახორციელა საქართველოში.

დაუყოვნებლივ მოვითხოვ იმ პრობლემური წერტილების გასწორებას, რომელსაც ითხოვენ ჩვენი დასავლელი მეგობრები. ისინი მხარში უდგანან ქართულ დემოკრატიას, თვლიან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და არცერთ ანკლაურ ჯგუფს არ მისცემენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის საშუალებას". – თქვა გიორგი ვაშაძემ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2021 წლისთვის, შესაძლოა საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 15 პროცენტით შეამციროს, მანამ, სანამ მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით ეფექტიან ნაბიჯებს არ გადადგამს.

აშშ-მ საქართველოს დახმარება შეუმცირა 2003 წლის არჩევნების წინაც. მაშინ მიზეზად რეფორმების გატარებისა და ეკონომიკის განვითარების ტემპის შემცირება დასახელდა.

კომენტარები