აშშ-საქართველო

კუჭავა: კონგრესს არაფერი გაუყინავს, უბრალოდ კანონპროექტი დაინიცირდა ერთერთ ქვეკომიტეტში

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატის, პარლამენტის ვიცესპიკერის, კახა კუჭავას თქმით, დეზინფორმაციაა, რომ აშშ საქართველოს დახმარებას შეუმცირებს. მისი განცხადებით, "უბრალოდ კანონპროექტი დაინიცირდა კონგრესის ერთერთი კომიტეტის ერთერთ ქვეკომიტეტში" და "კონგრესი ასე მარტივად გადაწყვეტილებებს არ იღებს".

"ეს არის ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილსა და დეზინფორმაციაზე  ცდილობენ თავის წინასაარჩევნო კამპანიის აგებას, ამას მეტს ვერაფერს დავარქმევ. კონგრესს არაფერი გაუყინავს, არც დოკუმენტი მიუღია და არანაირი ცვლილებები დოკუმენტში არ შეუტანია. ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ერთადერთი, რასაც მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს, ან არაპროფესიონალიზმია და უნარი, ვერ წაიკითხო ის, რა ინფორმაციაც მოდის ამერიკიდან, ან მეორე – მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომლითაც ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა“. – ამბობს კუჭავა და აღნიშნავს, რომ "ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ძალიან კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ტყუილს არა მხოლოდ მოკლე ფეხები აქვს".

"ეს არის ერთ-ორსაათიანი აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობა იმ ფაქტზე, რომელიც არ მომხდარა, მაგრამ ყველაზე საწყენი ის არის, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ერთადერთი, ვისაც ხელს აძლევს და ვის ინტერესებშიც არის, ეს არის ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი და, სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ზუსტად ამ ნარატივს იმეორებენ და სიხარულით იღებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს, თურმე, რაღაც სანქციები დაუწესდა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ტყუილი.

კონგრესს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია და ამაზე საუბარი სასაცილოც კი არის, რადგან ელემენტარული ინგლისური თუ იცი, შეგიძლია წაიკითხო და გაერკვე, რომ ეს არის ერთ-ერთი კომიტეტის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში დაინიცირებული  კანონპროექტი, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რომ მივიდეს ფართო განხილვამდე, მათ შორის, კონგრესის პლენარულ სესიამდე“. –აღნიშნა კახა კუჭავამ.

ქართული ოცნების დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ "ის, რომ რამდენიმე  კონგრესმენი არის  აგრესიული ლობიზმის შედეგად ჩვენი ხელისუფლების წინაააღმდეგ განწყობილი, დასამალი არ არის". "ჩვენს მტერს, ვისაც უხარია, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესდეს ან დაიძაბოს, ამ სიამოვნებას ნამდვილად ვერ მიიღებს“.

აშშ-ს კონგრესში 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონია წარდგენილი. კანონში ნათქვამია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ასევე გაწერილია დახმარების მიღების წინაპირობებიც. კონკრეტულად კი ნათქვამია, რომ ამ თანხის 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა, შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, სანამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არ გადაწყვეტს, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით.

"15%-ის გადაცემა სავალდებულო არ არის, სანამ ხახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს

(ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, რაც ამ აქტის თანმხლებ ანგარიშშია გაწერილი.

(ბ) მთავრობაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, მათ შორის ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გამოყენების კუთხით.

(გ) იმის უზრუნველყოფის კუთხით, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის დაცული იყოს უცხოური ბიზნესების თავისუფლად, შევიწროების გარეშე ოპერირების უფლება, რათა სრულად მოხდეს იმ კომერციული და ფინანსური სარგებლის რეალიზება, რაც საქართველოში გაკეთებული ინვესტიციიდან მომდინარეობს."

კანონში ნათქვამია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის გავითარებას, ეხმარება მოსახლეობის მოწყვლად ნაწილს და მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე. შესაძლებელია, რომ ამ 15% -ის გადაცემა არც შეჩერდეს, თუ სახელმწიფო მდივანი დაადგენს და კომიტეტს განუცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანია აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებისათვის.

აშშ-მ საქართველოს დახმარება შეუმცირა 2003 წლის არჩევნების წინაც. მაშინ მიზეზად რეფორმების გატარებისა და ეკონომიკის განვითარების ტემპის შემცირება დასახელდა.

კომენტარები