შავი ჭირი

ჯანმო: ამ დროისთვის, ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევას მაღალ რისკად არ განვიხილავთ

Teller report

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევას გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით, შავი ჭირის გავრცელება "კარგად მართულია" და მაღალი რისკის შემცველად არ განიხილავენ.

ჩრდილოეთ ჩინეთში, შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ბაიანურში შავი ჭირის შემთხვევა დადასტურდა. რეგიონში მესამე დონის განგაშია გამოცხადებული და იკრძალება იმ ცხოველებზე ნადირობა, რომლებიც, შესაძლოა, ინფექციის პოტენციური მატარებლები იყვნენ. 15 წლის პაციენტს შავი ჭირის სიმპტომები ვირზაზუნაზე ნადირობის შემდეგ დაუდგინდა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. 

"ჩინეთში ჩვენ ამას თვალს ვადევნებთ, ჩინელ და მონღოლ მაღალჩინოსნებთან ერთად პარტნიორობით ახლოდან ვადევნებთ თვალს," – თქვა ჯანმო-ს სპიკერმა, მარგარიტ ჰარისმა ჟენევაში გაეროს პრესკონფერენციაზე.

"ამ დროისთვის ჩვენ არ განვიხილავთ ამას მაღალ რისკად, თუმცა ფრთხილად ვაკვირდებით," – აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ შავი ჭირის შემთხვევები მონღოლეთშიც დადასტურდა. მონღოლეთმა რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონი კარანტინში მოაქცია. შავი ჭირის ინფექციის სავარაუდო მიზეზი გახდა ვირზაზუნას ხორცის ჭამა. ქვეყნის ზოონოზურ დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა დაადასტურა, რომ დაავადება ორ ადამიანს ხოვდის პროვინციაში დაუდგინდა. მედიის ინფორმაციით, ინფიცირებულები 27 წლის კაცი და ახალგაზრდა ქალი არიან.

2019 წლის მაისში მონღოლეთმა რუსეთთან საზღვარი ასევე შავი ჭირის გავრცელების გამო ჩაკეტა. 2019 წლის ინციდენტის დროს ცოლ-ქმარი ვირზაზუნას ხორცის ჭამის შემდეგ დაიღუპა.

მე-14 საუკუნეში შავმა ჭირმა 50 000 მილიონ ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. ინფექციისგან ყოველწლიურად 2000-მდე ადამიანი კვდება.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ აშშ-მა ჯანმო-სთან ურთიერთობა შეწყვიტა და დაფინანსება შეუჩერა.

აშშ ორგანიზაციას ადანაშაულებს, რომ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ტრამპის თქმით, ორგანიზაციის მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური ხასიათი განაპირობა.

როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად? - ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები