სიტყვის თავისუფლება

კანდელაკი მედიებში შესაძლო სპეცმმართველებზე: გავაუქმებთ ამ სახიფათო კანონს

ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ და მაუწყებლობის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. 

ცვლილებების მიხედვით, მარეგულირებელ კომისიას, შესაძლოა, მიენიჭოს უფლება, მედიაორგანიზაციებში დროებითი მმართველი დანიშნოს. 

"მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, CNN რომ ფლობდეს ტვ პირველში წილს და CNN-მა რომ გადაწყვიტოს, რომ ეს წილი მიყიდოს Fox News-ს, ასეთ ტრანზაქციაზე, რომელზე გავლენასაც ტვ პირველი ვერ მოახდენს, დააკისროს ტვ პირველს ვალდებულება, რომ ეს ტრანზაქცია, რომელზეც იგი გავლენას ვერ მოახდენს, უკან შეატრიალოს, ასე რომ ვთქვათ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ასე ვერ მოხდება, შეიყვანოს ორგანიზაციაში, მაგალითად, მაუწყებელში საკუთარი მმართველი ისე, რომ ამ საკითხზე არანაირი სასამართლო გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული. ესაა მთელი ეს ხიფათი და პრობლემა". – ამბობს გიორგი კანდელაკი. 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს კანონი, სხვა მავნე და სახიფათო კანონების მსგავსად, გაუქმდება. 

"ეს ინიციატივა საქართველოს პარტნიორებს, მეგობრებს, ლობისტებს დასავლეთში, ცივილიზებულ სამყაროში, აჩვენებს ქართული ოცნების მისწრაფებებს. აჩვენებს, რომ ქართული ოცნების მისწრაფებები და საქართველოს დემოკრატიული განვითარება არის სხვადასხვა რამ, სხვადასხვა გზა აქვთ". – თქვა გიორგი კანდელაკმა. 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, მოიცავს ცვლილებებს როგორც მაუწყებლობის შესახებ, ისე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში. ამ ინიციატივის მიხედვით, კომისიას, შესაძლოა, მიეცეს უფლება, მედიებში სპეციალური, დროებითი მმართველი 2 წლამდე ვადით დანიშნოს. 

იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ტაბულამ მოიპოვა, ჩანს, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოიცავს ცვლილებებს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის ცვლილება ითვალისწინებს, ჩნდება ეჭვი, რომ მისი გამოყენება კომისიას შეეძლება მაუწყებლობის სფეროშიც, მათ შორის, ანალოგიით ან კანონის ფართო განმარტების გზით. საკანონმდებლო პაკეტის განმარტებითი ბარათი მიუთითებს ინიციატორთა განზრახვაზე, რომ ამ ცვლილებებით შექმნან კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების უფრო ეფექტური ერთიანი მექანიზმი. 

ამასთან, მაუწყებლობის შესახებ კანონში კიდევ ერთი ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც მედიის მხრიდან მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ გამოიწვევს აღსრულების შეჩერებას საქმის დასრულებამდე, როგორც ეს მანამდე ადმინისტრაციული კოდექსით იყო გათვალისწინებული.

კომენტარები