პასპორტის სიძლიერე

პასპორტის სიძლიერის ინდექსით საქართველო 47-ე ადგილზეა და აშშ-ს უსწრებს

ფინანსური საკონსულტაციო ფირმის Arton Capital-ის საიტზე passportindex.org სხვადასხვა ქვეყნის პასპორტის სიძლიერის შემოწმებაა შესაძლებელი. პასპორტის სიძლიერის შეფასებისას გათვალისწინებულია, რამდენ ქვეყანაში შეუძლიათ ამა თუ იმ პასპორტის მფლობელებს უვიზოდ ჩასვლა, რამდენ ქვეყანაში შეუძლიათ ჩასვლისას ვიზის აღება და რამდენ ქვეყანაში სჭირდებათ ვიზა. პასპორტი ფასდება მობილობის ქულით და მას შესაბმისი რანგი ენიჭება.

პასპორტის სიძლიერით გამოირჩევიან იაპონია და ახალი ზელანდია. მათ მობილობის ყველაზე მაღალი ქულა, 118 აქვთ და შესაბამისად პირველი რანგი აქვთ მინიჭებული. 

სიძლიერის ინდექსით საქართველო 47-ე ადგილზეა. საქართველოს 57 ქვეყანასთან აქვს უვიზო რეჟიმი. საქართველოს მოქალაქეებს 106 ქვეყანაში ჩასასვლელად ვიზა ესაჭიროებათ, ხოლო 35 ქვეყანაში ვიზის აღება ჩასვლისას შეუძლიათ. საქართველოს პასპორტის მობილობის ქულაა 92, რაც მას მე-15 რანგს ანიჭებს. მობილობის ქულით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს.

პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო შესუსტდა აშშ-ს პასპორტის პოზიცია. აშშ-ს პასპორტის მობილობის ქულა 84-ია. მისი რანგი 18 გახდა და პასპორტის სიძლიერის ინდექსით მან 52-ე ადგილზე გადაინაცვლა.

საქართველო იმ 18 ქვეყანაში მოხვდა, რომლებსაც ევროკავშირი საზღვრებს გახსნას პირველი ივლისიდან გეგმავდა. ამ დროისთვის საქართველოს საზღვარი ნიდერლანდების სამეფომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ლატვიამ და ესტონეთმა გაუხსნეს. საქართველოსთვის საზღვრები არ გაუხსნიათ ბელგიას, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთს. საზღვარი გახსნა იტალიამ, თუმცა 14-დღიან თვითიზოლაციას ითხოვს.

აშშ-ში არსებული მძიმე ეპიდმდგომარეობის გამო ევროკავშირი ჯერ არაპირებს აშშ-სთან საზღვრების გახსნას. აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.

კომენტარები