სასამართლო სისტემა

ნაზი ჯანეზაშვილის ბრძოლა ე.წ. კლანთან, რომელიც სასამართლოს მართავს

ნაზი ჯანეზაშვილი უკვე 3 წელია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია. 2017 წლის 21 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ის 108 ხმით, 4 წლით აირჩია. მანამდეც, ორგანიზაცია მოსამართლეთა ერთობის ხელმძღვანელობისას და მას მერეც, საბჭოს წევრობისას, ჯანეზაშვილი ხმამაღლა საუბრობს სასამართლო სისტემის პრობლემებზე: კლანურობაზე, ნეპოტიზმზე, გამჭვირვალობის ნაკლებობაზე. კრიტიკული პოზიციების გამო საბჭოს სხვა წევრების მხრიდან ხშირად არის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და თავდასხმის ობიექტი. თუმცა, როგორც ამბობს, იდეა, რომელსაც ემსახურება, მძიმე გარემოსთან გამკლავებაში ეხმარება.

ანა დოლიძესთან დაპირისპირება

2 წლის განმავლობაში ჯანეზაშვილი სასამართლო სისტემის ე. წ. კლანს საბჭოს უკვე ყოფილ წევრთან, ანა დოლიძესთან ერთად ებრძოდა. თუმცა, დოლიძეს პოლიტიკური აქტივობის გამო საბჭოს დატოვება მოუწია. წასვლამდე მან და ნაზი ჯანეზაშვილმა ერთმანეთის მიმართ მწვავე განცხადებები გააკეთეს. ჯანეზაშვილი დოლიძეს საბჭოს დატოვებისკენ მოუწოდებდა, ვინაიდან, კანონმდებლობით, პოლიტიკური ინტერესები ამ კონსტიტუციურ ორგანოს წევრობასთან შეუთავსებელია. საპასუხოდ ის დოლიძის მხრიდანაც გახდა შეურაცხყოფის ობიექტი – მან ჯანეზაშვილს განათლება დაუწუნა და ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობაში დასდო ბრალი.

რამდენიმე თვით ადრე საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ და სხვა წევრებმაც მოითხოვეს, დოლიძეს საბჭო დაეტოვებინა. 

ჯანეზაშვილი გვიყვება, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ამ საკითხის ირგვლივ: 

“რამდენიმე თვის წინ, შემოდგომაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, საბჭოს მოსამართლე წევრებმა გადაწყვიტეს, პრეზიდენტისთვის მიემართათ და მოეთხოვათ ანა დოლიძის თანამდებობიდან გათავისუფლება. საბჭოს წევრთა უმრავლესობამ ამ იდეას მხარი დაუჭირა. 

მაშინ მე ამ განცხადებას არ შევუერთდი. მეგონა, რომ ანა თვითონ მიიღებდა კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას. საბჭოს წევრების მხრიდან მისი თანამდებობიდან გაწვევაზე მოთხოვნა სწორად არ მივიჩნიე. 

საბჭოს სხდომაზე პირდაპირ მკითხეს, რას ვფიქრობდი ანას საკითხზე. თუ ობიექტური ხარ, გვიპასუხეო, დაახლოებით ასეთი კონტექსტი იყო. პირდაპირ ჩემი აზრი აინტერესებდათ, რადგან მე და ანა ვთანამშრომლობდით. ანა იჯდა ჩემ წინ და მისმენდა. პირდაპირ ვთქვი, რომ კანონდარღვევაა, როცა საბჭოს წევრი ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას. ანამ ეს მოსაზრება იცოდა. იმ მოსამართლეებთან ერთად განცხადებას არასდროს გავაკეთებ, ამ თამაშში არ ჩავერთვები, მაგრამ იმას, რომ საბჭოს წევრს პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება, მე არ ვამბობ, კანონი ამბობს.

შემდეგ ამ თემაზე არც მე, არც იმას არაფერი გვითქვამს.

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ერთ-ერთ ბრიფინგზე
ფოტო: რუსთავი 2

მე არსად წავსულვარ, არც პოლიტიკაში, არც ბიზნესში, საბჭოში დავრჩი და მოვლენებს ვაკვირდებოდი. ვნახე, რომ მან ჩამოაყალიბა მოძრაობა. თუ ვინმეს სჭირდებოდა კომუნიკაცია, იყო ანა დოლიძე. მას სჭირდებოდა კონტაქტი ჩემთან და არა მე - მასთან, რჩევისთვის ან კითხვებისთვის.

ჩემს განცხადებებს თუ ვინმე ნახავს, მიხვდება, რომ სულ ვცდილობ, არ გავცდე სასამართლოს თემას, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, დღეს სხვა საკითხებს ვცდილობ, არ შევეხო. ანა სულ აკეთებდა განცხადებებს სხვადასხვა თემებზე, რაც ნორმალურია, ცხადია საუბარი ამაზე არც ყოფილა. უბრალოდ მან ინტენსიურად დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა, მისცა მას ორგანიზაციული ფორმა, საუბრობდა ფაქტობრივად ისეთ გეგმებზე, რომელიც მის სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდა. ბოლოს კი ეს ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ ხელი მოაწერა პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს. ეს მისი არჩევანია, მაგრამ პოლიტიკური საქმიანობა საბჭოს წევრობასთან იყო შეუთავსებელი.

თვითონ დახურა ეს თემა და იფიქრა, რომ ჩაივლიდა. მგონია, რომ სათანადოდ არ შეაფასა არც ჩემი ძალები, არც სიტუაცია. ბოლო მომენტამდე ვფიქრობდი, რომ საბჭოს დატოვების გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებდა. 

ამას რომ არ აპირებდა, მაშინ დავრწმუნდი, როცა NGO-ების განცხადებას გამოეხმაურა და მათ მადლობა გადაუხადა. არ დაფიქრდა განცხადების შინაარსზე. მივხვდი, რომ ისევ თვალებში ნაცრის შეყრას აპირებდა და უბრალოდ იმ მოვლენებს დავარქვი სახელი. 

ანა დოლიძეზე ბრიფინგი არ ჩამიტარებია, ჩემთან მოვიდა ჟურნალისტი და მის შესახებ მკითხა. პასუხად ვთქვი, რომ არ ვაპირებ, თვალი დავხუჭო ვინმეზე და რომ თუ ვინმე არღვევს კანონს, შესაბამისად უნდა შეფასდეს. კითხვა დამისვეს და ვთქვი სიმართლე, ტყუილს ხომ არ ვიტყოდი. და ამ სიმართლეს მოჰყვა მერე სხვადასხვა შეფასება”. – ამბობს ჯანეზაშვილი. 

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კვოტით მოხვდა. ახლა ეს თანამდებობა ვაკანტურია. ნაზი ჯანეზაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ამ პოზიციას გამოცდილი და ღირსეული ადამიანი დაიკავებს, რომელსაც სისტემასთან დაპირისპირების არ შეეშინდება. 

კლანი სასამართლო სისტემაში

მიხეილ ჩინჩალაძე

როგორც ამბობს, თავად განსაკუთრებული არ არის, მაგრამ ის, რასაც უმკლავდება, დიდ ძალისხმევასა და ნებისყოფას მოითხოვს.

მთავარი ბრძოლა ჯანეზაშვილს ე. წ. კლანთან უწევს, რომელიც სასამართლო სისტემას მართავს და რომლის ლიდერადაც ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს ასახელებს.

ჩინჩალაძე ახლა 42 წლისაა. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ის პროკურატურაში მუშაობდა. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა 2007 წელს ჩააბარა. იმავე წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, 2017 წლის ივლისიდან კი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. 

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. თუმცა, მას ზურგს ხელისუფლება უმაგრებს – როგორც ამბობს, ასე რომ არ იყოს, არც კლანის გავლენა იარსებებდა, თავად ჩინჩალაძეს კი, შეიძლება, მოსამართლეობისთვის თავიც კი დაენებებინა, ვინაიდან ის, ისევე, როგორც კლანის სხვა წევრები, ძალიან ცოტა საქმეს იხილავს. 

“ერთ-ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით კვლევა ჩაატარა და შეისწავლა სასამართლოს საჭიროებები მოსამართლეების კუთხით. დადგინდა, რომ სააპელაციო სასამართლოში შტატი იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა, მაშინ, როცა სხვა სასამართლოებში მოსამართლეები აკლიათ და თითო მოსამართლეს 300-400 საქმე აწერია. 17 ზედმეტი მოსამართლეა.

მიხეილ ჩინჩალაძე იქნება, ირაკლი ბონდარენკო თუ კლანის სხვა წევრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოში იყრიან თავს. სხვა მოსამართლეები მუშაობენ, სამოსამართლეო საქმიანობას სხვები ახორციელებენ ინტენსიურ რეჟიმში. კლანი არის უსაქმური მოსამართლეების ჯგუფი, რომლებიც საქმეს მაშინ აკეთებს, როცა უშუალოდ მათი გადაწყვეტილებაა საჭირო”. – ამბობს ჯანეზაშვილი. 

მისივე თქმით, სისტემის კლანურობის დამადასტურებელი ერთ-ერთი მაგალითი მოსამართლეების ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანა/დაწინაურებაა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"თუ ადამიანი მუშაობს, დავუშვათ, ქუთაისში, გადმოჰყავთ თბილისში. ვინც სჭირდებათ, მიჰყავთ იმ სასამართლოში, რომელშიც საჭიროა. კონკრეტულ დროში კონკრეტულ საქმეს სასურველ მოსამართლეს ვერ შეუსაბამებენ, ასე ვერ გადაიყვანენ, მაგრამ იციან, რომ ესა თუ ის მოსამართლე კონკრეტულ სასამართლოში მათ დავალებებს შეასრულებს.

ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება. გასულ კვირას მეც დავუჭირე მხარი ერთ-ერთი ძალიან ღირსეული მოსამართლის დაწინაურებას. მაგრამ ეს ერთეული შემთხვევაა. ზოგადად, მოსამართლეების გადაყვანა-გადმოყვანა არის ერთ-ერთი ბერკეტი. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში არის 37-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ღია კონკურის გარეშე, სისტემის შიგნით ცხადდება ერთგვარი კონკურსი, შიდა კონკურსივით რომ წარმოიდგინოთ. მოსამართლეებს შემოაქვთ განაცხადი, რათა ერთიდან მეორე სასამართლოში გადავიდნენ. მოთხოვნა, ძირითადად, არის თბილისზე. როგორ იღებს კლანი გადაწყვეტილებას? – იმის მიხედვით, რომელი მოსამართლე სად სჭირდებათ. ან აწინაურებენ ისეთ მოსამართლეს, რომელიც მათ პრობლემებს არ შეუქმნის".

როგორი მოსამართლეები სჭირდება კლანს? – როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, ორი ტიპის:

"მუშა მოსამართლეები, რომლებიც რუტინულად და ბევრს მუშაობენ, მათზე დაწერილ ასობით საქმეს განიხილავენ. დღე და ღამე მუშაობენ. კარგად თუ ცუდად, სხვა საკითხია, მაგრამ ზღვა საქმეა, ყველა საჩივარში ხომ პოლიტიკური ინტერესი არ არის. ასეთი მოსამართლეები სჭირდებათ იმიტომ, რომ ამ რაოდენობის საქმეებს თვითონ ვერ გაუმკლავდებიან, რადგან კლანი შედგება უსაქმური მოსამართლეებისგან.  

და მეორე კატეგორია – თვითონ კლანი, ბირთვი და მასთან დაკავშირებული განშტოებები, მოსამართლეები, რომლებიც თან მონები არიან და საქმეებს, სადაც პოლიტიკური ან სხვა ტიპის ინტერესებია, „სათანადოდ განიხილავენ“. სტატისტიკისთვის ასევე მცირე რაოდენობის საქმეებსაც გაართმევენ თავს. 

ნაზი წუხს იმაზეც რომ დღეს მოსამართლეებს შორის არავინაა ისეთი, ვინც კლანს წინააღმდეგობას გაუწევს. 

მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შავაძის შემთხვევა გაიხსენა, რომელმაც თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი 2018 წელს ზეწოლასა და უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა. შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2016 წელს 3 წლით – გამოსაცდელი ვადით დანიშნეს. უფლებამოსილების გასვლის შემდეგ მოსამართლეობის კონკურში მონაწილეობა მიიღო, თუმცა, აღარ დანიშნეს. 

"არავინ არის ამ მოსამართლეებს შორის, რომელიც კლანს წინააღმდეგობას გაუწევს. ერთი მოსამართლე იყო შავაძე და აღარ დანიშნეს თანამდებობაზე. არავინაა, ვინც ხმას ამოიღებს და ამაში ვგულისხმობ პირდაპირი მნიშვნელობით ხმის ამოღებას – ვინც თამამად გამოვა და გააპროტესტებს იმას, რაც ხდება სისტემაში". –გვეუბნება ჯანეზაშვილი. 

ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ არის ერთეული შემთხვევებიც, როცა ზოგიერთი მოსამართლე პირად საუბარში გულისტკივილს გამოხატავს და ამბობს, რომ რაღაცამ შეაწუხა. სწორედ ამის გამო იმედს არ კარგავს და არ ფიქრობს, რომ სასამართლოში ყველა მოსამართლე ცუდია.

“მე ვფიქრობ, რომ სასამართლოში ყველაზე ცუდი მოვლენა არის კლანი და ის, რომ მას ხელისუფლებისგან აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ამის გამო კი – ძალაუფლება სასამართლო სისტემაში. ამის გამო ხდება, რომ ყველა მოსამართლე არის დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. კლანს ხელისუფლების მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს, მათი ძალაუფლება იქნებოდა ნულის ტოლი. 

მოსამართლეებს აქვთ არჩევანი – შეუძლიათ, ამოიღონ ხმა და წავიდნენ, მაგრამ მეორე პრობლემაც დგება, რაც, მხოლოდ ადამიანური თვალსაზრისით, შეიძლება ლოგიკურიც იყოს. მე ასე არ მოვიქცეოდი, მაგრამ ეკონომიკური პრობლემები იმდენად ბევრია ამ ქვეყანაში, სამუშაო ადგილების სიმცირეა და ა. შ. ამიტომ, სისტემის დატოვება უჭირთ. მათთვის ეს არის სამსახური და ვერ თმობენ”. – ამბობს ჯანეზაშვილი. 

ნეპოტიზმი

ირაკლი შენგელია
ფოტო: პირველი არხი

ნაზი ჯანეზააშვილის თქმით, ერთ-ერთი პრობლემა, რაც სასამართლო სისტემას აქვს და რაც ასევე უკავშირდება მოსამართლეთა კლანს, ნეპოტიზმია.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მან 15 შემთხვევაზე მოიძია ინფორმაცია და ამ საკითხზე სხვა დროსაც საგანგებოდ ილაპარაკებს.

ერთ-ერთ მაგალითს კი ტაბულასაც უყვება – საქმე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს, ირაკლი შენგელიას ეხება, რომელიც, როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, მიხეილ ჩინჩალაძის მარჯვენა ხელია.

შენგელია 2019 წლის მაისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

მისი და, თინათინ შენგელია სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სპეციალისტად მუშაობს.

თინათინ შენგელიას შვილი, ანუ ირაკლი შენგელიას დისშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო ირაკლი შენგელიას ცოლი საერთო სასამართლოების დეპარტამენტში მუშაობს.

"არის შემთხვევები, როცა ადამიანები სამუშაო ადგილზე გაიცნობენ ერთმანეთს და ქორწინდებიან, ამას არ განვიხილავ ნეპოტიზმად. ნეპოტიზმია ის, რომ ადამიანი მოძლიერდა, ძალაუფლება მოიკრიბა და მერე მოხდა მისი ნათესავების ამა თუ იმ სამსახურში დანიშვნა. მისი დისშვილი წლების განმავლობაში სამსახურს ვერ შოულობდა და ბიძა როცა მოძლიერდა, მერე სასამართლოში წაიყვანა". – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, მოსამართლეებს თავის აპარატში ნათესავებს ასაქმებენ – მათ უფრო ენდობიან.

ჯანეზაშვილი საუბრობს კიდევ ერთ მაგალითზე:

"იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი არის ვანო ბოლქვაძე. ისიც ჩინჩალაძის მარჯვენა ხელი იყო. ჯერ უზენაეს სასამართლოში იყო მისი ერთ-ერთ ასისტენტი, მერე სააპელაციო სასამართლოში წამოიყვანა, ახლა კი სკოლის დირექტორი გახდა, დააწინაურა. ენდობიან ამ ადამიანებს. ბოლქვაძე ჩინჩალაძის ნათესავი არ არის, მაგრამ იცავენ ასეთ სანდო ადამიანებს, დაწინაურებაში ეხმარებიან. გარედან მოსული ადამიანი ვერ გახდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი, იმიტომ, რომ აუცილებელია, ჩინჩალაძესთან ჰქონდეს რაღაც ტიპის კავშირი და გამოცდილება. შიგნით სულ ერთი და იგივე ხალხი მუშაობს”. 

თავდასხმები საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, 2019 წელი
ფოტო: ხატია ჯამალაშვილი/საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო

2019 წლის ზაფხულში იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენდა. გამოიკითხა 48 კანდიდატი.

ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ყველაზე მეტ კითხვას უსვამდა. მისი შეკითხვები თანასწორობას, გამოხატვის თავისუფლებას, კორუფციასა და სხვა კრიტიკულ საკითხებს ეხებოდა, რაზეც ხშირად ვერ იღებდა სწორ და გამართულ პასუხებს კანდიდატების მხრიდან, ამასთან, მისი კითხვები და პოზიციები საბჭოს მოსამართლე წევრების კრიტიკასა და აღშფოთებას იწვევდა –ჯანეზაშვილი სხდომებზე კოლეგების მხრიდან ზეწოლისა და წნეხის ობიექტი იყო.

მაგალითად, ერთხელ, როცა ჯანეზაშვილმა საბჭოს წევრებს სთხოვა, სხდომაზე არ ეხმაურათ და პატივი ეცათ ერთმანეთისთვის, რათა კანდიდატისთვის კითხვების დასმისა და პასუხების მღების საშუალება ჰქონოდა, სხდომის თავმჯდომარემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა უპასუხა

“ვის უნდა სცენ პატივი, თქვენ უნდა გცენ პატივი, ქალბატონო ნაზი? ერთმანეთს პატივს სცემენ ესენი და ვინ სად გაიღიმებს და სად გაიხედება, თქვენ სიამოვნებაზე არ იქნება. შეეგუეთ ამ სიტუაციას და გააგრძელეთ შეკითხვების დასმა. თქვენ აქ დესპოტი არ ხართ, რომ ხალხს ღიმილი უკონტროლოთ”. 

როცა საბჭოს წევრების მხრიდან შეურაცხყოფაზე საუბრობს, ნაზი ერთ ასეთ შემთხვევასაც იხსენებს: 

“ფეხმძიმედ ვიყავი და მაგიდასთან გამოწეულ სკამზე ვიჯექი, მუცლის ზომა სხვა საშუალებას არ მაძლევდა. საბჭოს მოსამართლე წევრმა, ირაკლი ბონდარენკომ გამოიარა და სკამზე ხელი მიკრა, თან ყვიროდა, აქო რომ ზიხარო … იმდენად ცუდად ვიგრძენი თავი, მისი მხრიდან ეს ქცევა დამამცირებელი იყო. მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან განვიცადე – არა. ძალას მაძლევდა წინააღმდეგობა და ხალხის, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ... არ ვიტყვი, რომ ეს ადვილი იყო. ნამდვილად რთულია, ძნელია, ამას გაუძლო, მაგრამ როცა იცი, რა იდეისთვის მუშაობ, ყველაფერი შესაძლებელია”. 

ნაზი ჯანეზაშვილმა მის მიმართ შეურაცხყოფის საქმეზე დამოუკიდებელ ინსპეტორს მიმართა, თუმცა, უშედეგოდ. 

დამოუკიდებელი ინსპექტორი

ზურაბ აზნაურაშვილი და ქეთევან ცინცაძე

2017 წლის 8 თებერვალს საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით, სისტემაში გაჩნდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელსაც, საქართველოს იუსტიციის საბჭოსგან დამოუკიდებლად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმება/გამოკვლევის უფლებამოსილება ენიჭება.

2020 წლის 23 იანვრიდან დამოუკიდებელი ინსპექტორი ზურაბ აზნაურაშვილია. ის იუსტიციის საბჭოს წევრის, თამარ ონიანის ყოფილი ქმრის, გიორგი აზნაურაშვილის ძმაა.

ანზაურაშვილამდე ამ თანამდებობას ქეთევან ცინცაძე იკავებდა, რომელიც წლების განმავლობაში იყო მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე, 2019 წლის დეკემბერში კი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ გამწესდა – 2053 წლამდე. 

სწორედ ცინცაძეს მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა მაშინ, როცა საბჭოს კიდევ ერთი მოსამართლე წევრისგან, სერგო მეთოფიშვილისგან არაერთხელ გახდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი. თუმცა, როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, ინსპექტორს ამაზე რეაგირება არ ჰქონია. ისევე, როგორც არაერთ სხვა საჩივარზე.

"საბჭოში 1 წლისა და 3 თვის განმავლობაში დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით სხდომები არ ტარდებოდა. წინა კვირას გაიმართა პირველი სხდომა ასეთი პაუზის შემდეგ. ანუ სრული უსაქმურობა. ამიტომ ვუწოდებ კლანს უსაქმურს. ჩემი თავი ნაკლებად მადარდებს. შემოდის უამრავი საჩივარი მოსამართლეებთან დაკავშირებით. ზოგ შემთხვევაში ეს საჩივარი საფუძვლიანია, ზოგ შემთხვევაში – უსაფუძვლო, მაგრამ მათ პასუხი უნდა გაეცეს. სხდომები უნდა მოეწვია გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც ამას არ აკეთებდა". – ამბობს ჯანეზაშვილი.

ამ კონტექსტში ნაზი ჯანეზაშვილი ქართული ოცნების ყოფილ წევრზე, თამარ ჩუგოშვილზეც საუბრობს, რომელიც შარშან გენდერულ საბჭოს ხელმძღვანელობდა, თუმცა, ჯანეზაშვილის მიმართ საბჭოში კაცი მოსამართლეების მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტებს არ გამოხმაურებია. 

“აგერ გვერდით, სასამართლო სისტემაში, უმაღლეს კონსტიტუციურ ორგანოში რა უბედურება ტრიალებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრები როგორ ექცევიან ქალ წევრს. ჯერ ისედაც უმცირესობაში ვიყავი ჩემი მოსაზრებების გამო და მით უმეტეს, რა დამოკიდებულება იყო ჩემდამი, შეურაცხმყოფელი. ამაზე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, არც დაინტერესებულა. გენდერული საბჭოს თავმჯდომარე არ უნდა დაინტერესებულიყო?” – ამბობს ის. 

თუმცა, როგორც ჯანეზაშვილი გვეუბნება, ჩუგოშვილი მას სხვა საკითხზე დაუკავშირდა –რამდენიმე კვირის წინ, როცა ანა დოლიძის საკითხი აქტიურად განიხილებოდა, საბჭოს არამოსამართლე წევრმა ისიც თქვა, რომ დეპუტატმა მას რამდენჯერმე დაურეკა და გაჩუმება სთხოვა. ეს განცხადება ჩუგოშვილმა უარყო.

“ჩემთვის ყველაზე შემაწუხებელი ის იყო, რომ მომწერა, ვინც აგირჩია, იმას რატომ აკრიტიკებო. ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი. მისი პასუხები, რაც მედიაში მოვვისმინე, გამაოგნებელია. ხალხს შეუძლია, თავად შეაფასოს, არის ეს მართალი თუ არ არის. [ჩუგოშვილი] ამბობს, რომ აწუხებდა ის, რაც სასამართლო სისტემაში ხდება. თუ ასე აწუხებდა, როგორც ვიცე სპიკერს, მეტის გაკეთება შეეძლო. შეეძლო, ჩემთან ესაუბრა იმაზე, რა საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, რომ სიტუაცია უკეთესი გახდეს. მაგრამ ამაზე არ ყოფილა კომუნიკაცია. დარწმუნებული ვარ, მას აწუხებდა ის, რომ ქართული ოცნების შიგნით ჩემ გამო პრობლემები ექმნებოდა”.

რა არის გამოსავალი სასამართლო სისტემის გასაჯანსაღებლად? ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ძირეული საკანონმდებლო ცვლილებები და რეფორმა, რომელიც გარდაქმნის სისტემას და არა კოსმეტიკური ცვლილებები, ამისთვის კი ძალიან დიდი პოლიტიკური ნება და საზოგადოების კონსოლიდაციაა საჭირო. 

კომენტარები