ბრიტანეთი

ბრიტანეთი ათეულობით რუსს, საუდელს მაგნიტსკის, ხაშოგის გამო სანქციებს უწესებს

დომინიკ რააბი
REUTERS

6 ივლისს ბრიტანეთმა აამოქმედა გაერთიანებული სამეფოს ადამიანთა უფლებების სანქციების გლობალური რეჟიმი. დიდი ბრიტანეთი 49 პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც გასულ წლებში ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დარღვევებში იყვნენ ჩართულნი, სანქციებს უწესებს. პირები და ორგანიზაციები, რომლებსაც სანქციები დაუწესდება, არიან:

რუსეთის 25 მოქალაქე, რომელიც ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილსა და არასათანადო მოპყრობაში იყო ჩართული,  

საუდის არაბეთის 20 მოქალაქე, რომელიც ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში იყო ჩართული. 

ორი მაღალი რანგის მიანმარელი სამხედრო გენერალი, რომლებიც როჰინჯელი ხალხისა და სხვა ეთნიკური უმცირესობის წინააღმდეგ ჩართულნი იყვნენ სისტემატურ და სასტიკ ძალადობაში. 

ორი ორგანიზაცია, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის გულაგებში იძულებითი სამუშაოების წარმოებაში, წამებაში, მკვლელობაში არის ჩართული. 

ბრიტანეთის მთავრობა წერს, რომ მაგნიტსკის სტილის სანქციების რეჟიმი მიზანში ამოიღებს მათ, ვინც მსოფლიოში ადამიანთა უფლებების ყველაზე მძიმე დარღვევებში იყვნენ ჩართულნი.

რეგულაციები სანქციებს დააწესებს სახელმწიფოს მიერ ან სახელმწიფოს სახელით ჩადენილ აქტივობებზე ამ სახელმწიფოში, რაც გამოიწვევს ამ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ სერიოზულ დარღვევებს ადამიანის სიცოცხლის უფლების, ადამიანის უფლების, რომ არ აწამონ, ან არაადამიანურად არ მოექცნენ, ადამიანის უფლების, იყოს თავისუფალი მონობისგან, იძულებით მუშაობისგან. 

საგარეო საქმეთა მდივნის, დომინიკ რააბის თქმით, ეს ნაბიჯი მკაფიო გზავნილია. მის თქმით, ბრიტანეთი "დესპოტიზმის განგსტერებისა და დიქტატორების მიმდევრებს" წინააღმდეგ ნაბიჯებს დგამს და ასევე აჩერებს მათ, ვინც "სისიხლიანი ფულის" გათეთრებას ცდილობს. 

რუსეთი საპასუხო ნაბიჯებით დაიმუქრა და თქვა, რომ სანქციები მიზანშეუწონელია.

"რუსეთი უფლებას იტოვებს, უპასუხოს გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ არამეგობრულ გადაწყვეტილებას ... ეს ნაბიჯი რუსეთ-ბრიტანეთის ურთიერთობას არ გააუმჯობესებს". – განცხადებას ავრცელებს რუსეთის საელჩო ლონდონში.

მაგნიტკის კლიენტი, ბილ ბროუდერი, რომელიც რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების კამპანიას ეწეოდა, ამბობს, რომ "სამართლიანობისთვის გაწეული ათწლიანი ბრძოლის განმავლობაში ეს უდიდესი ნაბიჯია. კარები გახსნილია... ეს არის ახალი ტრენდის დასაწყისი უფლებების დაცვის საქმეში".

რუსეთის სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსი, ალექსანდერ ბასტრიკინი, ვიცე გენერალური პროკურორი, ვიქტორ გრინი და ვიცე შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსეი ანჩინი

"ეს უფლებას გვაძლევს, მიზანში ამოვიღოთ დამნაშავეების ფართო ქსელი, მათ შორის, ისინი, ვინც ხელს უწყობს, აქეზებს, ან მხარს უჭერს რომელიმე ამ დანაშაულს. ეს ვრცელდება სახელწიფო ოფიციალური პირებსა და არასახელმწიფო აქტორებს მიღმა". – აღნიშნა რააბმა. 

გაერთიანებული სამეფოს ახალი სანქციების რეჟიმი მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრიტანეთს თავის დამოუკიდებელი სქემა აქვს, რომელიც სრულიად ფოკუსირებულია ადამიანთა უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ. ამ დრომდე ბრიტანეთი ევროკავშირთან ერთად მოქმედებდა. ბრიტანეთის მთავრობას სურს, გაერთიანებული სამეფო საერთაშორისო წესებისა და ადამიანის უფლებების წამყვანი დამცველი იყოს – სანქციები პოლიტიკის ცენტრალური ნაწილია. 

ბრიტანეტის მიერ დასახელებულ 47 პირსა და ორგანიზაციას აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციებიც ეხება. 

რააბს BBC-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, სიაში ჩინეთის ჩაურთველობით ჩინეთთან შეტაკებას თავს არიდებდა თუ არა, რაზეც მან უპასუხა: "ნათელია, რომ ჩვენ ჩვენი სასიცოცხლო ეროვნული ინტერესებისთვის დავდგებით. თუმცა, ჩვენ მიერ შექმნილი რეჟიმი მტკიცებულებებზეა დამყარებული". 

მისი თქმით, მთავარი საკითხია, შეიძლება თუ არა ჩინეთის ნდობა და დაიცავს თუ არა ჩინეთი საერთაშორისო ვალდებულებებს  – "ამ მესიჯს ვაგზავნით პეკინში, ჩვენ ბევრ მოკავშირესა და ბევრ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად, განსაკუთრებით კი იმასთან დაკავშირებით, რაც ჰონგ-კონგში ვნახეთ".

შეგახსენებთ, რომ სერგეი მაგნიტსკი რუსი იურისტი იყო, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები კორუფციაში ამხილა. ის დააპატიმრეს და წინასწარ პატიმრობაში 358 დღის მანძილზე იმყოფებოდა. მაგნიტსკი 2009 წელს პატიმრობაში მოკლეს. რუსეთის ხელისუფლებამ დააჯილდოვა ის პირები, რომლებიც მაგნისტკის დაპატიმრებასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ.

ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2018 წლის ოქტომბერში მისვლის შემდეგ გაუჩინარდა. მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს შორის არიან საუდის არაბეთის დაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე, აჰმედ ალ-ასირი და სამეფო საბჭოს ყოფილი მრჩეველი, საუდ ალ-კაჰტანი. მათ ბრალად ედებათ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში. სულ ბრალდებულია 20 პირი. ხაშოგი ხშირად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, განსაკუთრებით, საუდის არაბეთის სამხედრო ინტერვენციას იემენში და სამეფოს ტახტის ახალ მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.

აღსანიშნავია, რომ მაგნიტსკის აქტი 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. თავდაპირველად ამ კანონით სავიზო და ფინანსური სანქციები იმ ადამიანებს შეეხოთ, რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებებს არღვევდნენ და მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული სერგეი მაგნიტსკის დევნაში. 2015 წელს სენატმა კანონის გაფართოებას დაუჭირა მხარი და ის ცნობილი გახდა, როგორც მაგნიტსკის გლობალური აქტი.

კომენტარები