ბრაზილია

ბრაზილიის პრეზიდენტს Covid-19 დაუდასტურდა

ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ამის შესახებ მან სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

"ყველამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ეს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მიაღწევდა. ჩემთვის [ტესტის პასუხი] დადებითი აღმოჩნდა". – თქვა მან.

ჟაირ ბოლსონაროს ახალი ვირუსის სიმპტომები განუვითარდა, მათ შორის, მაღალი სიცხე. მან ვირუსის დიაგნოსტიკის ტესტი 6 ივლისს ჩაიტარა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ქვეყანაში ვირუსი ოფიციალურად 1 628 283 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 65 631 ადამიანი.

3 ივლისს ბრაზილის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოსახლეობას პირბადის ტარება ევალება. თუმცა მან ვეტო დაადო იმ მუხლებს, რომლის მიხედვითაც ხალხს პირბადის ტარება მოეთხოვებოდა ისეთ დახურულ სივრცეებში, როგორიცაა ტაძრები, სკოლები და მაღაზიები.

პანდემიის პერიოდში ბოლსონაროსთან დაპირისპირების გამო თანამდებობა ჯანდაცვის ორმა მინისტრმა დატოვა. 

გასულ თვეს ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი ნელსონ თაიჩი პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროსთან კორონავირუსის საკითხზე უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა. ის მინისტრის პოსტს თვეზე ნაკლები იკავებდა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი აზრთა სხვადასხვაობის გამო ბოლსონარომ დაითხოვა.

ჯანდაცვის მინისტრი პრეზიდენტს კორონავირუსის სამკურნალოდ მალარიის პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქვინის, იგივე პლაქვენილის ფართოდ გამოყენების საკითხზე არ ეთანხმებოდა.

მათი შეხედულებები განსხვავდებოდა ეკონომიკის გახსნის თაობაზეც. გასულ თვეს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ პრეზიდენტმა სპორტული დარბაზების, სილამაზის სალონებისა და ბიზნესების გახსნის ბრძანება მასთან კონსულტაციის გარეშე გასცა.

პარალელურად, ბოლსონაროს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო მისი მომხრეები უზენაესი სასამართლოს დახურვის მოთხოვით აქციებს მართავდნენ და მათ თავად პრეზიდენტიც შეუერთდა. აქციებზე არ იყო დაცული სოციალური დისტანცია და მომიტინგეთა ნაწილი, მათ შორის, თავად პრეზიდენტიც პირბადეს არ ატარებდა.

კომენტარები