აშშ

კოლუმბია, ჰონდურასი და სხვები - ვის გვერდითაა საქართველო კონგრესის კანონპროექტში

აშშ-ს კონგრესში 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონია წარდგენილი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ასევე გაწერილია დახმარების მიღების წინაპირობებიც.

დოკუმენტში დაახლოებით მსგავსი ჩანაწერი გვხვდება კოლუმბიის, ჰონდურასის, სალვადორის, გვატემალას, ეგვიპტის, შრი-ლანკის, ფილიპინების ნაწილში. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებს მითითებული დახმარება შეუჩერდებათ თუ დოკუმენტში ჩაწერილ პირობებს არ შეასრულებენ. ხოლო, საქართველოს შემთხვევაში ეს სახელმწიფო მდივანზე იქნება დამოკიდებული.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაწილზე ნათქვამია, რომ ამ თანხის 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა, შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, სანამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არ გადაწყვეტს, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აშშ-ს მიერ კოლუმბიისთვის გამოიყოფა 457 253 000 აშშ დოლარის ფინანსური დახმარება. ამ თანხის 20% გაცემა შესაძლოა სავალდებულო იყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს და შესაბამის კომიტეტებს მოახსენებს, რომ კოლუმბიის მთავრობა

ა) აგრძელებს კონტრნარკოტიკული სტრატეგიის იმპელემენტაციას, რაც მიზნად ისახავს 2023 წლამდე კოკაინის წარმოებისა და კულტივირების 50%-მდე შემცირებას;

ბ) ადამიანთა უფლებების უხეშ დამრღვევებს პასუხისმგებლობას აკისრებს, რაც საერთაშორისო სამართალს შეესაბამება და სხვ;

გ) ეფექტურ ნაბიჯებს დგამს, რათა თავიდან აირიდოს თავდასხმები ადამიანის უფლებების დამცველებზე და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე. იურიდიული ოფიციალური პირები ბრალს სდებენ მსგავს თავდასხმებზე პასუხისმგებელ პირებს;

დ) ეფექტურ ნაბიჯებს დგამს აფრო-კოლუმბიელი და ძირძველი თემების დასაცავად და პატივს სცემს მათ უფლებებსა და ტერიტორიას;

ე) პასუხისგებაში მისცემენ მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქმეების დამალვაში, ამგვარი ბრძანებების გაცემაში. ასევე, დანაშაულის აღმოჩენის შემთხვევში, ამჟამინდელი თანამდებობიდან გადააყენებენ მათ.

ვ) კოლუმბიის მთავრობამ გამოიძია და ნაბიჯებს დგამს იმ მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მისაცემად, რომელიც ეჭვმიტანილნი არიან პოლიტიკური ოპონენტების, სამთავრობო პირების, ჟურნალისტების, ადამიანთა უფლებადამცველების არალეგალურ მოსმენაში.

სალვადორისთვის, გვატემალასა და ჰონდურასისთვის 420 790 000 აშშ დოლარი იქნება გამოყოფილი. ამ თანხის 50% გაცემა, შესაძლოა, სავალდებულო იყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანი დაამოწმებს და შესაბამის კომიტეტებს წარუდგენს ანგარიშს, რომ მთავრობა ებრძვის კორუფციასა და დაუსჯელობას, მხარს უჭერს სასამართლოსა და საარჩევნო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, ახორციელებს რეფორმებს გამჭვირვალობის გაზრდისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, იცავს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი მედიის უფლებებს და სხვ. 

დაახლოებით მსგავსი ჩანაწერია გაკეთებული ეგვიპტეზე, ფილიპინებზე, შრი-ლანკაზე. აღნიშნული დოკუმენტი ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ საქართველოს დახმარება შეუმცირა 2003 წლის არჩევნების წინაც. მაშინ მიზეზად რეფორმების გატარებისა და ეკონომიკის განვითარების ტემპის შემცირება დასახელდა.

კომენტარები