საგანგებო: სვანეთში, სოფელ ხაიშთან, ხანძრის 4 აქტიური კერიდან 3 ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ხანძრის 4 აქტიური კერიდან 3 ლოკალიზებულია. ხანძრის ქრობის სამუშაოები, მე-4 დღეა, მიმდინარეობს. 

"მთის ორ ფერდზე არსებული 4 სხვადასხვა სირთულის კერიდან მოხერხდა 3-ის ლოკალიზება. კერებთან შეყვანილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. მეოთხე ლოკაციაზე, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, მუშაობს საჰაერო ძალა". –ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენია ჩართული. უწყების ცნობით, დღის განმავლობაში ხაიშთან 200 მეხანძრე-მაშველი და 10 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იმუშავებს, ასევე, რთულ რელიეფზე სამუშაოდ პროცესში განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი ჩაერთვება. 

"ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და გრძელდება აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები