ფრენები

საზღვრიდან მობრუნებულები ცისა და მიწის ბიუროკრატიულ ლაბირინთებში

საქართველო 8 ივლისიდან საზღვარს უხსნის გერმანიას, საფრანგეთს, ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნებში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ პირდაპირი ფრენებით, რომელიც ჯერ დანიშნული არ არის. 

7 ივლისს, გამთენიისას სტუდენტი გიორგი დოლბაია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოაბრუნეს და უთხრეს, რომ იმ საბუთებით, რაც ჰქონდა, საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთდა. 

გიორგი დოლბაია გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე მიდიოდა და, სხვა საბუთებთან ერთად, მას გერმანიის დასაქმების სამინისტროს ოფიციალური მოწვევაც ჰქონდა. სტუდენტი გერმანიაში ჩასვლას ჰოლანდიის გავლით გეგმავდა, რადგან გერმანიასთან პირდაპირი ფრენა საქართველოს აღარ აქვს.  

გერმანიის ფედერაციის დასაქმების სამინისტროს ოფიციალური მიწვევის გარდა, გიორგი დოლბაიამ აეროპორტში გერმანიისა და ჰოლანდიის საელჩოების ოფიციალური თანხმობაც წარადგინა, რითიც დასტურდებოდა, რომ ორივე ქვეყანა მზად იყო, ის თავის ტერიტორიაზე მიეღო. 

როგორც თავად გვიყვება, ბილეთის ყიდვამდე მან ჯერ სასაზღვრო პოლიციაში დარეკა, რათა ეკითხა, ეს საბუთები საკმარისი იყო თუ არა იმისთვის, რომ საზღვარი დაეტოვებინა. სასაზღვრომ საპატრულო პოლიციაში გადაამისამართა, სადაც უთხრეს, რომ საბუთები საკმარისი იყო. 

"შსს-ს საპატრულო პოლიციამ მოგვცა დასტური, რომ ამ საბუთებით საზღვარს გადავკვეთდი. ამასთან 3 ივლისს ბერლინის ფრენაზე არაერთი ადამიანი წავიდა კომპანიების მოწვევით და რამდენიმე სტუდენტი იყო იმ რეისზე, ვისაც ჩემნაირი საბუთი ჰქონდა, ასევე გაუშვეს. აქედან გამომდინარე დავიმედდი, ავიღე ბილეთი და ორშაბათს დილით მქონდა ფრენა.

მივედი აეროპორტში და მეუბნებიან, რომ ვერსად წავალ D კატეგორიის ვიზის გარეშე. რომ ავუხსენი, რომ 3 ივლისს ჩვეულებრივად გადაკვეთეს საზღვარი და მათთან დარეკვის შემდეგაც მითხრეს, რომ საზღვარს გადავკვეთდი, მიპასუხეს, რომ ეს იყო ხარვეზი, ან შეცდომა, ან კანონდარღვევა. "კი ბატონო, ასე მოხდა, მაგრამ მეორედ ხომ ვერ გავიმეორებთ"? - ასეთი პასუხი მივიღეთ ცვლის უფროსი მესაზღვრისგან". – გვიყვება გიორგი დოლბაია.

აეროპორტიდან გამობრუნებულმა გიორგი დოლბაიამ 400-ევროიანი ბილეთი 18 ივლისის რეისზე გადაცვალა იმედით, რომ იქამდე რამე შეიცვლებოდა. 

ვითარება მართლაც შეიცვალა. 8 ივლისს ხანგრძლივი დუმილისა და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ საზღვრები გაუხსნა ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოს - გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის - მოქალაქეებს. 

ამ ქვეყნებს ასევე აქვთ საზღვარი გახსნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მთავრობის პრესსამსახურში ტაბულას გვეუბნებიან, რომ დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში შეძლებენ წასვლას, რომელსაც საქართველოსთვის საზღვრები დაკეტილი არ აქვს. 

პრობლემა ისაა, რომ როგორც პრემიერმინისტრის მრჩეველმა თქვა, არაპირდაპირი ფრენები აკრძალულია, პირდაპირი ფრენები კი, მაგალითად, გერმანიასთან აღარ გვაქვს. შესაბამისად, გიორგი დოლბაია საზღვრის დატოვებას ვერც 18 ივლისს შეძლებს. მას ეს უკვე დაუდასტურეს საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზზე. 

ამ დრომდე გაურკვევლობაშია ნინო ჩიტიშვილიც, რომელიც ივლისის მიწურულს ჰოლანდიაში ვორკ-შოპზე დასასწრებად გეგმავდა წასვლას. მას ორგანიზატორი კომპანიისგან ოფიციალური მიწვევა აქვს, თუმცა, კვლავ არ იცის, მისცემენ, თუ არა საზღვრის გადაკვეთის უფლებას. 

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიის საელჩომ 7 ივნისს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მათი ქვეყნის საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ღიაა, ნინო ჩიტიშვილს სასაზღვრო პოლიციის ცხელ ხაზზე კვლავ ეუბნებიან, რომ ამსტერდამში ვერ წავა. 

"ჩემი პასუხისმგებლობაა იმის გარკვევა, გამიშვებს, თუ არა საქართველო საზღვარზე, რადგან მასპინძელმა კომპანიამ უნდა გაიღოს ყველა ხარჯი, მათ შორის ბილეთის ფული. 

მათ ახლაც არ ესმით, მე რატომ ვერ ვტოვებ საქართველოს. გუშინაც მქონდა სატელეფონო საუბარი და მითხრეს, რომ აბსოლუტურად გაუგებარია ეს მათთვის. ჩამიყარეს ოფიციალური ინფორმაცია, როგორც ნიდერლანდურ, ისე ინგლისურ ენაზე მათი მთავრობის მიერ გამოქვეყნებული, რომ შეზღუდვები აქვთ მოხსნილი. ტესტის გაკეთებაც პრობლემა არ არის, მაგრამ ამასაც კი არ ითხოვენ. მხოლოდ უნდა მქონდეს უკან დასაბრუნებელი ბილეთი და ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც აქამდეც იყო.

საერთოდ ცალკე ამბავია ცხელ ხაზებთან ურთიერთობა, ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს, ალბათ, იმიტომ, რომ დრო მოიგონ და საბოლოო ჯამში გადის მთელი დღე და ვერ ფლობ ვერანაირ ინფორმაციას". – ყვება ტაბულასთან საუბარში ნინო ჩიტიშვილი.

საქართველოს ხელისუფლების ბიუროკრატიულ ლაბირინთებში მოჰყვა ნატალი თარაშვილიც. ტაბულასთან საუბარში ის ყვება, რომ მისი საქმრო, რომელიც უკვე 6 თვეზე მეტია არ უნახავს, პორტუგალიაში ცხოვრობს. არც ნატალი თარაშვილისთვისაა ცნობილი, შეძლებს, თუ არა პორტუგალიაში გამგზავრებას. 

"მაქვს მიმოწერა საქართველოს საელჩოსთან პორტუგალიაში და კონსულს ველაპარაკე, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ პორტუგალიაში დამიდასტურა, რომ შევალ ჩვეულებრივად ქვეყანაში, ყველანაირი დაბრკოლების გარეშე.

ადამიანები ქვეყნიდან მხოლოდ დასასვენებლად არ გადიან. ჰყავთ ოჯახის წევრები, ახლობლები. ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა და საკმაოდ მტკივნეულია. მითუმეტეს, როდესაც მინისტრი პირდაპირ ეთერში გამოდის და ამბობს, ჩარტერები არის და შეგიძლიათ მოინახულოთ ოჯახის წევრებიო. ყველას არ აქვს საშუალება, იყიდოს 400-ევროიანი ბილეთი და შემდეგ საზღვარზე გაუგებარი მოტივით არ გაუშვან". – ამბობს ნატალი თარაშვილი.

საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით ამ გაუგებრობას წინ უძღოდა მთავრობის წევრების მიერ ჯერ კიდევ მაისში დადებული პირობა, რომ საქართველო საზღვრებს 1 ივლისს გახსნიდა. თარიღის მოახლოებასთან ერთად მედიასა და საზოგადოებაშიც სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდებოდა, როგორ და რა ფორმით ან ვისთვის გაიხსნებოდა საზღვარი, კითხვებზე პასუხები კი მთავრობას არ ჰქონდა. მოგვიანებით ითქვა, რომ მთავრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება.

ევროკავშირის გადაწყვეტილება გამოქვეყნდა - საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის შეიყვანეს, მაგრამ მთავრობისთვის არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. 25 ივნისს თქვეს, რომ საზღვრები 1 ივლისს არ გაიხსნებოდა. თქვეს ისიც, რომ თუკი ეპიდემიური სიტუაცია გაუარესდება, შესაძლოა, ამ თარიღმა გადაიწიოს. კიდევ უფრო მოგვიანებით მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამ მოლაპარაკებების პირველი ნაწილი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღეს დასრულდა - საქართველოს საზღვრები 5 ქვეყნისთვის გაიხსნება. საზღვრები იხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც იმ ქვეყნებში, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ ექნებათ, თუმცა, ამ ქვეყნებში შესასვლელად მოქალაქეებს ჯერ საქართველოს საზღვრის დატოვების უფლება უნდა მისცენ. 

კომენტარები