გიორგი შაქარაშვილის საქმე

ბოკერია შაქარაშვილის საქმეზე: პოლიციაში კლიმატს განსაზღვრავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა

ტაბულა

გიგა ბოკერიას შეფასებით, ის, რაც შაქარაშვილის საქმის გარშემო ხდება –შეცვლილი ჩვენებები, არასრულფასოვნად ჩატარებული გამოძიება და სამართალდამცავი ორგანოების მიერ პასუხგაუცემელი კითხვები არსებული კლიმატით არის გამოწვეული, როცა ხელისუფლებისთვის მთავარი დანაშაულის დამალვაა და არა მასთან ბრძოლა.

მთავარი არხის ეთერში ევროპული საქართველოს ლიდერმა თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს პრობლემა ხელისუფლების უკონტროლო ძალაუფლება იყო. თუმცა, მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ვითარება სასამართლოს გაძლიერებით შეეცვალა, 90-იანების ტრადიციებით მიუდგა.

"ხდება კრიმინალის, ორგანიზებული დანაშაულისა და სამართალდამცავი ორგანოების შერწყმა და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოები დამცირებულები არიან და წინ მოდის "ზემოთ, პატრონის ყოლის" მორალი და გაგება, იმის ნაცვლად, რომ რეალური პრობლემის (და მე არ გავურბივარ არც ჩემს პასუხისმგებლობას), იმის შეცვლა მომხდარიყო.

მეორე: პოლიციაში კლიმატს განსაზღვრავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა. როცა სტატისტიკის გაყალბება და მერე დამალვა დაიწყეს, ვერ ხვდებიან, რომ ეს პოლიტიკური ოპონირების საკითხი არ არის. თუ პოლიციელს აქვს სიგნალი, რომ არ აჩვენოს ცუდი სტატისტიკა, ეგ არის გარდამტეხი და ამას დალაგებულ ქვეყანაში დაუნგრევია პოლიციელების მორალი – როცა პოლიციელს ის დავალება კი არ აქვს ზემოდან, რომ დამნაშავეები დააკავოს, არამედ აქვს – "არ შეგვაწუხოო", მერე ასე გამოდის". – თქვა ბოკერიამ.

დეპუტატმა შსს-ის მიერ გავრცელებული აუდიომასალაც შეაფასა, რომელშიც ისმის, რომ შაქარაშვილის მეგობარი, იაკობ ბრეგვაძე ინცინდენტის დროს 112-ში რეკავს და პოლიციას იძახებს, მოგვიანებით კი ზარს აუქმებს და ეუბნება, რომ მათ მოსვლას აზრი აღარ აქვს, რადგან უკვე ყველაფერი დამთავრდა. ბრეგვაძე თბილისში სწორედ საპატრულო პოლიციამ ჩამოიყვანა. გამოძიებას საყვედურობენ, რომ ვითარების სირთულე დროულად ვერ შეაფასა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დააგვიანა.

ბოკერია ამბობს, რომ ხელს არავის აფარებს, თუმცა სურს, რიგითი პოლიციელები დაიცვას.

"ეს არის კლიმატის შედეგი ისევ. როგორც სარალიძის საქმეზე იყო, სადაც დოკუმენტურად გაირკვა, როგორ იჩქმალებოდა და როგორ გააფუჭეს საქმე, იმიტომ რომ იქ ვიღაცას ახლობელი აღმოაჩნდა, პატრონი ჰყავდა. მერე საგამოძიებო კომისიამ დეტალურად შეისწავლა და ამას მოჰყვა ერთი ადამიანის მიმართ ბრალის წარდგენა, ეს შედეგი მოჰყვა. მაგრამ არ მოჰყოლია არაფერი იმ პირების მიმართ, ვისზეც დოკუმენტურად ვიცით, რომ საქმე გააფუჭეს და დააბრუნეს ის კაცი, რომელიც ამ საქმის გამო გადადგა. როცა ასეთი კლიმატია, რთულია, მოელოდე წესიერი პოლიციელისგან ან გამომძიებლისგან რისკებზე წასვლას ან მოტივაციას.

მერე იწყება ისევ ეს – პატრონები, დალაგება.

დაკითხვების დროს აუდიოჩაწერა უნდა მოესწრო წინა ხელისუფლებას. ამათ ხომ არ გააკეთეს. ამიტომ გვაქვს ის მოდუსი, რომ გამომძიებელი თვითონ წერს იმას, რაც აწყობს, თავის ენაზე წერს რაღაცებს. სასამართლოში მოესწრო ის, რომ ჩაწერა ხდება გამოკითხვის ადა მანიპულაციების საშუალება ნაკლებია". – ამბობს ბოკერია.

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისის ღამით დაიღუპა. ის 4 დღის განმავლობაში დაკარგული იყო. მაშველებმა მის ცხედარს 22 ივნისს, მდინარე არაგვში მიაგნეს.

გარდაცვალებამდე შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად მცხეთაში, დაბადების დღეზე იყო.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაბადების დღეზე, სადაც დაახლოებით 35 სტუმარი იმყოფებოდა, დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირებას შაქარაშვილი და მისი მეგობრები გაერიდნენ. დაპირისპირებაში ჩართული ახალგაზრდების ნაწილმა, "ნახალოვკელებმა", მეგობრებს დახმარება სთხოვეს და თბილისიდან "გამოიძახეს". მცხეთაში ისინი 2 მანქანით ჩავიდნენ. ერთ-ერთი ადამიანი რკინის კეტით იყო შეიარაღებული.

როცა ისინი მცხეთაში მივიდნენ, შაქარაშვილი, ამირხანაშვილი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე და კიდევ 2 ადამიანი თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილზე იყვნენ და მანქანის გაჩერებას ცდილობდნენ, რათა წასულიყვნენ ლისის ტბაზე, სადაც, დაპირისპირების შემდეგ, დაბადების დღის სტუმრების ნაწილს წვეულება უნდა გაეგრძელებინა. სწორედ აქ გაუსწორდნენ ნაძალადეველები შაქარაშვილს და მის მეგობრებს. ნაწილი დაიმალა, ნაწილი – გაიქცა. სწორედ ამ მომენტიდან გაუჩინარდა გიორგი შაქარაშვილი.

საქმის გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.

დაკავებულია 17 ადამიანი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქს შეფარდებული.

შაქარაშვილის საქმეში შეცვლილ ჩვენებებზე წაიკითხეთ აქ.

ქუჩის ავტორიტეტზე, ავთანდილ ბილანიშვილზე, იგივე კაწროზე, რომელზეც მთავარი არხი ამტკიცებს, რომ ბრალდებულებს ხელს აფარებს, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები