გიორგი შაქარაშვილის საქმე

ბილანიშვილის ადვოკატი: თეთრპერანგიანი "კაწრო" არ არის, ვინცაა, იდენტიფიცირებულია და შსს-შია

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, ხოლო ის, ვინც რეალურად კადრებში ჩანს, იდენტიფიცირებულია და ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროშია.

"მე ვარ მოწმის ადვოკატი, მე ვინ ჩამახედებს საქმეში. ჩემთვის უცნობია, იყო თუ არა ის გამოკითხული. [შსს-ში] მოიყვანეს და მე ჩავთვალე, რომ ეს ასეა. ისიც არაფერ შუაშია, მე როგორც ვიცი. ის ადამიანი არის კაწრო მეორე". - თქვა ადვოკატმა ბილანიშვილის გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

ტაბულა ამ ინფორმაციის უწყებასთან გადამოწმებას ცდილობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანაშვილის, იგივე კაწროს გამოკითხვა თითქმის 6 საათს გაგრძელდა და დაახლოებით 23:30 საათზე დასრულდა.

შსს-ის შენობა მან კომენტარის გარეშე დატოვა.

მისმა ადვოკატმა, თამარ აბესაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბილანიშვილმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და უწყებას მტკიცებულებები წარუდგინა, რომელიც მის უდანაშაულობას ადასტურებს.

"ტელეფონის დეტალური ამონაწერი, ასევე სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ პერიოდში იქ არ იმყოფებოდა. არ გასულა საერთოდ უბნიდან". - თქვა მან.

აბესაძე ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთ ბრალდებულს არ იცნობს.

ტელეკომპანია იმედმა 17:19 საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმეს, დაღუპულის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს ესაუბრა, ქუჩის ავტორიტეტი ავთანდილ ბილანაშვილია, იგივე კაწრო. არხის მტკიცებით, სწორედ ბილანაშვილია ის პირი, რომელიც 19 ივნისს, გამთენიისას სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდეს და რომელიც თეთრი სატვირთო მიკროავტობუსით გადაადგილდება.

ქრონიკის ჟურნალისტმა ჩართვისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს იმედის ექსკლუზივია. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბილანაშვილი უკვე იდენტიფიცირებული ყავს. თუმცა, მოგვიანებით, 17:31-ზე ქრონიკის წამყვანმა, ნინო თოლორდავამ ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ ეთერში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავიდა. მისი თქმით, გადაუმოწმებელი იყო ის, რომ ბილანიშვილი იდენტიფიცირებულია.

ქუჩის ავტორიტეტზე, ავთანდილ ბილანაშვილზე, იგივე კაწროზე შსს-ს ამ დრომდე არაფერი უთქვამს. უწყებისგან მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ "კაწრო" მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოკითხეს.

ტელეკომპანია მთავარი არხი რამდენიმე დღეა ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ქუჩის ავტორიტეტი, ავთანდილ ბილანიშვილია ჩართული, რომელსაც, თავის მხრივ, ქართული ოცნების ხელისუფლება ხელს აფარებს, ვინაიდან ის ბერას ახლო მეგობარია.

უწყებას არაფერი უთქვამს თეთრ ფურგონზეც, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე მედიის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გახდა. 

მედიაში გავრცელებული კადრებით, 19 ივნისს, გამთენიისას, თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი თეთრი სატვირთო მიკროავტობუსიდან გადმოდის და გიორგი შაქარაშვილის მეგობარს და ერთ-ერთ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუკ ოილის ბენზინგასამართ სადგურთან მაშინ ხვდება, როცა ის ბრალდებულებმა ტოიოტა კამრიდან ჩამოსვეს.

მანამდე ცნობილი იყო, რომ საქმეში ორი მანქანა ფიგურირებდა – ტოიოტა კამრი და მერსედესი, რომელშიც იჯდა ერთ-ერთი ბრალდებული ნ. ჟ. პროკურატურის ცნობით, სწორედ ის იყო შეირაღებული რკინის ხელკეტით იყო.

კადრებში, რომელიც სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული, ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკ ოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მოდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწროა, რომელიც ამირხანაშვილს 4 წუთის განმავლობაში ელაპარაკება და სავარაუდოდ, "ამუშავებს" ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე. ასევე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვერსია, ტეთრპერანგიანი კაცი, რომელიც ამირხანაშვილს შეხვდა, არა თავად კაწრო, არამედ მისი მეგობარი ოთარ კერესელიძეა.

კომენტარები